ენტონი ბლინკენს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის რანგში ბოლო პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტებმა არაერთხელ შეაწყვეტინეს საუბარი, ერთ-ერთი მათგანი კი დარბაზიდან გაიყვანეს. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ბლინკენმა მწვავე კრიტიკა მიიღო რამდენიმე ჟურნალისტისგან, რომლებიც ისრაელის მხარდაჭერის წინააღმდეგ გამოდიან.
„დამნაშავე, თქვენი ადგილი ჰააგაშია! – ასე მიმართა ბლინკენს დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა, სემ ჰუსეინმა, რის შემდეგაც უსაფრთხოების თანამშრომლებმა მას დარბაზი დაატოვებინეს. ამასთან, ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვაზე, შეცვლიდა თუ არა რაიმეს ისრაელთან ურთიერთობაში, ბლინკენმა აღნიშნა, რომ ისრაელის მთავრობის პოლიტიკას „მხარს უჭერს ისრაელელების დიდი უმრავლესობა“ და ეს უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული აშშ-ის რეაგირებაშიც. მისივე თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციას არ შეეძლო საბოლოო დასკვნების გამოტანა ცალკეულ ინციდენტებზე, რომლებიც, შესაძლოა, ყოფილიყო საერთაშორისო სამართლის დარღვევა.