ამერიკელი მწერალი, სცენარების ავტორი, ფილმების პროდიუსერი და რეჟისორი სტივენ კინგი მიიჩნევს, რომ ამერიკული კინოაკადემიის პრემია „ოსკარის“ რიგით 97-ე დაჯილდოება 2025 წელს ლოს-ანჯელესის გამანადგურებელი ხანძრის გამო არ უნდა ჩატარდეს, – იუწყება CNN-ი.
„ამ წელს მე არ მივიღებ მონაწილეობას (ნომინანტების) კენჭის ყრაში. ჩემი მოკრძალებული აზრით, მათ უნდა გააუქმონ ღონისძიება. არანაირი ბრჭყვიალი, როდესაც ლოს-ანჯელესი ცეცხლშია გახვეული“, – დაწერა კინგმა.
მისი თქმით, ნებისმიერი საუბარი „ოსკარის“ ჩატარებაზე მსგავს სიტუაციაში, მას აგონებს ნერონს, რომელიც ვიოლინოზე უკრავდა, სანამ რომი იწვოდა.
„ამ შემთხვევაში მაგონებს მოდური ტანსაცმლის ჩაცმას, სანამ ლოს-ანჯელესი იწვის“, – აღნიშნა მან.
ცნობისთვის, კენჭისყრა ამერიკულ კინოაკადემიაში 17 იანვრამდე გააგრძელეს. ნომინანტების თარიღის გამოცხადება კი 23 იანვრისთვის გადაიდო.
კინგი არ არის ერთადერთი ცნობილი ადამიანი, რომელიც ამგვარი ინიციატივით გამოვიდა. ჟან სმარტი და პატრიცია არკეტი მსგავს პოზიციას იკავებენ.
ბოლო ცნობებით, „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონია 2 მარტს არის დაგეგმილი.