“სამხრეთ ლიბანიდან ისრაელის ძალების გაყვანა აუცილებელია” – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ლიბანში ვიზიტის დასასრულს ისაუბრა.
ანტონიო გუტერეშის თქმით, ლიბანის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დაცული უნდა იყოს.
ბეირუთში გამართულ პრესკონფერენციაზე, გუტერეშს ღაზაში ზავის შესახებაც ჰკითხეს. გაერო-ს გენერალური მდივნის თქმით, ღაზაში სიტუაცია კვლავ უკიდურესად რთულია.
“ახლა აუცილებელია ისრაელის თავდაცვის ძალების გაყვანა ლიბანის ტერიტორიიდან და ლიბანის შეიარაღებული ძალების განლაგება სამხრეთ ნაწილში შეთანხმებულ ვადებში. გარდა ამისა, ლიბანის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დაცული უნდა იყოს. პირველი დღიდან ვითხოვდი ცეცხლის შეწყვეტას ღაზაში, მძევლების უპირობო გათავისუფლებას და ჰუმანიტარული დახმარების ღია წვდომას ღაზის მოსახლეობისთვის. მტკიცედ მჯერა, რომ ხვალ დავიწყებთ ამ სამი მიზნით – აღარ იქნება ბრძოლები, ჰუმანიტარულ დახმარებას ექნება გაადვილებული წვდომა და დაიწყება მძევლების გათავისუფლება. ნათელია, რომ სიტუაცია ღაზაში კვლავ უკიდურესად რთულია და ეფექტური განაწილებისთვის ბევრი სირთულე რჩება,” – აღნიშნა ანტონიო გუტერეშმა.