იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება, – ინფორმაცია მელონის ადმინისტრაციაში დაადასტურეს.
ცნობისთვის, იტალიის პრემიერ-მინისტრმა იანვრის დასაწყისში მოულოდნელი ვიზიტი განახორციელა ტრამპის რეზიდენციაში. შეხვედრის შემდეგ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა მელონის „ფანტასტიური ქალი“ უწოდა.
ტრამპი და მელონი პირველად პარიზში შეხვდნენ.
მელონი, რომელიც ხელმძღვანელობს პარტიას „იტალიის ძმები“, დიდი ხანია, ტრამპის მხარდამჭერია. 2022 წლის ოქტომბერში ხელისუფლებაში მოსვლამდე, ის რეგულარულად ესწრებოდა ტრამპის პოლიტიკურ შეკრებებს.
როგორც „გარდიანი“ წერს, მელონის და ტრამპის შეხედულებები ბევრ საკითხზე ემთხვევა და არ არის გამორიცხული, რომ იტალიის პრემიერ მინისტრი ევროპაში აშშ-ის ახალი ლიდერის მთავარი მოკავშირე გახდეს.
დონალდ ტრამპმა დაარღვია ტრადიცია და რამდენიმე უცხოელი ლიდერი მიიწვია ინაუგურაციის ცერემონიაზე, რომელიც 20 იანვარს კაპიტოლიუმის შენობის შიგნით გაიმართება.