ქართულ ოპოზიციას საერთაშორისო არენაზე რომ ძალაუფლება არ გააჩნია, ყველამ კარგად იცის. თუმცა, ჰყავს მფარველები, „დიფ სთეითი“, რომელიც დაინტერესებულია ხელისუფლებაში მათი მოყვანით – სამი წელია, ჩვენ ამ ყველაფერს თვალყურს ვადევნებთ, – განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
მან კომენტარი გააკეთა რადიკალური ოპოზიციის ქმედებებზე და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც საქართველოს დელეგაციას ეხება. კერძოდ, აპრილამდე შეზღუდული უფლებამოსილება ექნება.
„პირდაპირ ევროპიდან ჩაუტარეს საარჩევნო კამპანია რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებს. გამოაგზავნეს აქ საგარეო საქმეთა მინისტრები. შეგნებულად აქ ქვეყნებს არ ჩამოვთვლი, რომლებიც ანტისამთავრობო აქციებზე იდგნენ და ამით ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი კი არ შეურაცხყვეს მხოლოდ, გაეროს წესდებაც დაარღვიეს. შემდეგ დელეგაციას დელეგაციაზე აგზავნიდნენ და აქ მაიდანიზაციას ითხოვდნენ. შესაბამისად, ეს ძალები არიან იმის განმსაზღვრელები, თუ რა გადაწყვეტილებები მიიღება, სამწუხაროდ, დღეს კონკრეტულად ევროპის სხვადასხვა სტრუქტურაში. სწორედ მათი აქტიური ჩარევით მოხდა ის, რაც მოხდა, რომ დათქმების გარეშე არ მოხდა საკითხის რატიფიცირება“, – განაცხადა მაჭავარიანმა.