უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ეწინააღმდეგება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას და აცხადებს, რომ ეს უნგრეთს „გაანადგურებს“. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე საუბრისას ორბანმა განაცხადა, რომ ის ამის წინააღმდეგია და ბევრი არგუმენტის ჩამოთვლა შეუძლია.
„[უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება] აქ და ახლა წარმოუდგენელია. ეს გაგვანადგურებს. უპირველეს ყოვლისა, ეს გაანადგურებს უნგრელ ფერმერებს და უნგრეთის სოფლის მეურნეობას, მეორეც, გაანადგურებს უნგრეთის ეროვნულ ეკონომიკას და ვერც კი წარმოვიდგენ, როგორ გავაკონტროლებთ იმ დანაშაულს, რომელიც ამასთან ერთად უნგრეთში მოვა“, – აღნიშნა უნგრეთის მთავრობის მეთაურმა.
ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სიტუაციის ასეთი შეფასება ეხება მიმდინარე მომენტს.
„ვინ იცის, რას მოიტანს ისტორია. ღმერთის გარდა არავინ იცის, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა: აქ და ახლა წარმოუდგენელია, დაგვღუპავს“, – დასძინა მან.