უკრაინის უზენაესი რადას დეპუტატმა, ალექსანდრ დუბინსკიმ, რომელიც სახელმწიფო ღალატის ბრალდებით საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება, პარლამენტს საგანგებო სხდომის მოწვევისა და პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებაზე მსჯელობისკენ მოუწოდა.
დუბინსკიმ თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას ვოლოდიმირ ზელენსკის საჯარო დამცირება და მისი რეჟიმის კრახი უწოდა.
„ბოლო მოვლენები ზელენსკის საჯარო დამცირება თეთრ სახლში, ტრამპის მიერ მისი დიპლომატიური ბანკროტის აღიარება და შტატების მხრიდან უკრაინის უპირობო მხარდაჭერის დაკარგვა – არის რეჟიმის კრახის ფინალური აქტი. ზელენსკიმ არა მხოლოდ ჩააგდო საერთაშორისო პოლიტიკა, მან ქვეყანა იმ მდგომარეობამდე მიიყვანა, რომ ვინც მის კურსს არ ეთანხმება რეპრესიების მსხვერპლი ხდება. მე ციხეში ჩამსვეს არა დანაშაულისთვის, არამედ იმისთვის, რომ სიმართლეს ვამბობდი. იმავეს, რაც ტრამპმა თქვა. ზელენსკიმ წააგო, ის ჩიხში თავისი სიჯიუტის გამოა. ვითხოვ, დაუყოვნებლივ იყოს მოწვეული რადას საგანგებო სხდომა, რომელზეც ზელენსკის იმპიჩმენტის გადაწყვეტილება უნდა მიიღონ“, – წერია მის განცხადებაში „ინსტაგრამ“ არხზე.