უკრაინის მესამე პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშჩენკომ აშშ-ს მოუწოდა, გამოიჩინოს სიბრძნე უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების ფორმულების მოძიებისთვის, სამართლიანი მშვიდობის პირობებისა და უკრაინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის. ამის შესახებ ვიქტორ იუშჩენკო სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.
„ბოლო 20 წლის განმავლობაში შეერთებული შტატები იყო იმ უკრაინელების დასაყრდენი, რომლებიც დემოკრატიისთვის იბრძოდნენ. სიტყვის თავისუფლება, პატიოსანი არჩევნები, საბაზრო ეკონომიკა, გენდერული თანასწორობა, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება – ყველაფერი ეს იყო უკრაინელების მოთხოვნა თავისუფალი და ღირსეული ცხოვრებისთვის საკუთარ დამოუკიდებელ ქვეყანაში. ეს ღირებულებები ჩვენ გავზარდეთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად და ლიდერობა ამაში შეერთებულ შტატებს ეკუთვნოდა. ეს დიალოგი არასოდეს მიმდინარეობდა დამცირების გზით, და მით უფრო მტკივნეულია ამის დანახვა, როდესაც ეს უცებ ომის დროს გამოვლინდა. როდესაც მხარდაჭერისა და თანამშრომლობის ნაცვლად ჩვენ ვიხილეთ უპრეცედენტო გაუფასურება. ესაა დარტყმა ნდობისთვის, რომელიც მოითხოვს ძალისხმევას, რომ ურთიერთობებში ბალანსი აღდგეს“, – წერს იუშჩენკო.
იუშჩენკომ აღნიშნა, რომ უკრაინას ახლა სჭირდება ლიდერობა და ერთიანობა.
„არა დისკუსია დიპლომატიური პროტოკოლის ან კოსტიუმის შესახებ, არამედ პოლიტიკური სიბრძნე უსაფრთხოების გარანტიების ფორმულების მოძიებისთვის, სამართლიანი მშვიდობის პირობებისა და სახელმწიფოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის. მშვიდობისკენ იძულება – ეს ცნობილი რუსული ტაქტიკაა, რომელიც რუსებმა გამოიყენეს საქართველოში 2008 წელს. ამის შედეგები ცნობილი და ჭკუის სასწავლებელია. რუსული პროპაგანდა დღეს არყევს მთელ მსოფლიოს. როდესაც კრემლიდან ამბობენ, რომ უკრაინაში დიქტატურაა – ეს პოლიტიკური შიზოფრენიაა. ამ გამოწვევებზე პასუხი უნდა იყოს საერთაშორისო პარტნიორების მტკიცე კოალიცია, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის გამარჯვებას. ერთად შეგვიძლია, აგრესორის გეგმები შეუძლებელი გავხადოთ და ვაიძულოთ მას, გადაიხადოს ყველაფრისთვის“, – წერს უკრაინის მესამე პრეზიდენტი.