2025 წლის 12 აპრილს 16:00 საათზე „ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის“ სარეაბილიტაციო სახლში, „კამპანია 131“- ის ფარგლებში, საქართველოში რეგისტრირებულ სამედიცინო დაწესებულებებთან მემორანდუმი გაფორმდება.
„კამპანია 131“ 2024 წლიდან ხორციელდება და გულისხმობს ყოველი თვის 13 რიცხვში მხოლოდ ერთი ლარის გადარიცხვას ფონდის ანგარიშზე.
2025 წლის მარტიდან, „კამპანია 131“-ის ფარგლებში საქართველოში რეგისტრირებული კერძო კომპანიები და სახელმწიფო ორგანიზაციები ფონდთან თანამშრომლობას იწყებენ, რომლის ფარგლებში ფონდი წარუდგენს კონკრეტულ მარკეტინგულ სტრატეგიას თითოეულ კომპანიასა და ორგანიზაციას, რაც გულისხმობს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კამპანიაში ფინანსურ მონაწილეობას.
პარტნიორი კომპანიები და ორგანიზაციები, ნებაყოფლობით, ჩართავენ მათთან დასაქმებულ თანამშრომლებს, კამპანიაში და თითოეული მათგანი ყოველთვიურად ჩარიცხავს 1 ლარს ფონდის ანგარიშზე.
ღონისძიების ფარგლებში, „ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდი“ უმასპინძლებს საქართველოში რეგისტრირებულ სამედიცინო დაწესებულებებს და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს „კამპანია 131“-ის განხორციელების შესახებ.
„ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდი“, ერთადერთი სარეაბილიტაციო ფონდია კავკასიაში, რომელიც ზრუნავს 18 წლამდე ასაკის სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებზე და მათ ოჯახებზე ყველა იმ საქმეში, რაც ეხება მათ მკურნალობას, რეაბილიტაციას და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას. მკურნალობაში დახმარება მოიცავს დაფინანსებისა და ჰოსპიტალიზაციისთვის საჭირო სრული დოკუმენტაციის მოგროვებას და მომზადებას, ყველა საჭირო კვლევის დროულად ჩატარების ორგანიზებას, რიგ შემთხვევებში დაფინანსებას და წამლებით უზრუნველყოფას. ფონდი ფუნქციონირებს შემოწირულობებით, აქციებითა და სხვა აქტივობებისგან შემოსული თანხებით.