კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სამომავლო მოლაპარაკებების დროს მკაცრ მიდგომას გამოიყენებს. კარნიმ ამის შესახებ „ბიბისისთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
მარკ კარნიმ არ გამორიცხა დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებები, განსაკუთრებით სავაჭრო საკითხებზე, თუმცა აღნიშნა, რომ ეს მოლაპარაკებები თავიანთი პირობებით წარიმართება.
„ჩვენ უნდა დავამყაროთ პარტნიორობა, ეკონომიკური და უსაფრთხოების პარტნიორობა. ის ძალიან განსხვავებული იქნება იმისგან, რაც წარსულში გვქონდა. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩვენ ვაწვდით აშშ-ს სასიცოცხლოდ აუცილებელ ენერგიას, ვაწვდით მათ ფერმერებს პრაქტიკულად ყველა სასუქს. ჩვენ ვიმსახურებთ და ველოდებით პატივისცემას. დარწმუნებული ვართ, რომ დროთა განმავლობაში კვლავ მივიღებთ პატივიცემას და მაშინ შევძლებთ ამ მოლაპარაკებების წარმართვას“, – განაცხადა მარკ კარნიმ.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არაერთხელ ახსენა, რომ კანადა „აშშ-ის 51-ე შტატი გახდება“. კანადის პრემიერ-მინისტრმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ასეთი სცენარი „არასდროს მოხდება“.