ამ დროისთვის კლინიკაში მოთავსებული არცერთი პაციენტისა და მედპერსონალის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. სამედიცინო გუნდი უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს ზრუნვას სტაციონარში მყოფი თითოეული პაციენტის საჭიროებებზე, – ამის შესახებ ნათქვამია „თოდუას კლინიკის“ განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, განაგრძობენ ზრუნვას კლინიკაში მოთავსებული სტაციონარული პაციენტების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე.
„ე.წ. ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის გამო დღეს ამბულატორიული პაციენტების მიღება შეჩერებულია, რაც ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული დაკვამლიანებით არის გამოწვეული. „თოდუას კლინიკა“ აღჭურვილია უმაღლესი სტანდარტის უსაფრთხოების სისტემებით, რაც უზრუნველყოფს შიდა სივრცეებში დაკვამლიანების თავიდან აცილებას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ყველა შესაბამისი სამუშაო, რომელიც განსაზღვრულია უსაფრთხოების პროტოკოლით. ვაგრძელებთ ზრუნვას კლინიკაში მოთავსებული სტაციონარული პაციენტების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე. საჭიროების შემთხვევაში შეუფერხებლად მოგემსახურებათ „თოდუას კლინიკის“ დიღმის და ვერის ფილიალები“, – ნათქვამია „თოდუას კლინიკის“ განცხადებაში.
თბილისში, სადგურის მოედნის ბაზრობის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი იყო. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ტანსაცმლისა და სხვადასხვა სახის სასაწყობე ფართებს გაუჩნდა. სადგურის მოედნის ტერიტორიაზე ხანძრის გამო ახლომდებარე კლინიკებიდან პაციენტების ევაკუაცია განხორციელდა. ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია.