როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ არჩევნებში გამარჯვებაზე, ამის თქმის შესაძლებლობა მაქვს იქიდან გამომდინარე, რა დამოკიდებულებასაც ვხედავ საზოგადოების მხრიდან, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ თბილისის მერმა კახა კალაძემ.
„საზოგადოების დიდი ნაწილი ძალიან კარგად ხედავს, თუ რა პროცესები მიმდინარეობს, ვინ დგას ხალხის მხარეს და ვინ არის ის ძალა, ვინც ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას, ქართველ ხალხს და ზოგადად ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. საზოგადოება ამას ძალიან კარგად ხედავს, შეუძლებელია მოაზროვნე ადამიანმა ვერ გააკეთოს სწორი ანალიზი, თუ რა ხდება ჩვენს რეგიონთან დაკავშირებით, თუნდაც საქართველოსთან მიმართებით რა დამოკიდებულება აქვთ გარედან და რატომ არიან ასე გააფთრებული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რა ინტერესები აქვთ. ცხადია საქართველოს გასაკეთებელს სხვა ვერ გააკეთებს. ჩვენი გასაკეთებელი ჩვენ უნდა გავაკეთოთ. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, გავაკეთოთ ქვეყნისთვის საკეთილდღეო საქმეები, ეკონომიკურად წინ წავიყვანოთ, მშვიდობა შევინარჩუნოთ და ა.შ.
ყველას თავისი ინტერესი აქვს რეგიონთან და საქართველოსთან მიმართებით. ამერიკელსაც ევროპელსაც, რუსსაც. ქართველებმა უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, გავატაროთ ჩვენი ქვეყნის ინტერესები და გავუფრთხილდეთ ჩვენს სამშობლოს. ხალხი ამ ყველაფერს კარგად აფასებს და ზუსტად საზოგადოების დამოკიდებულება მაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს დამაჯერებლად.
ეს რადიკალური დაჯგუფებებიც ნათლად ხედავენ რა მოცემულობის და რა რეალობის წინაშე დგანან. ერთ-ერთი ამბობდა, რომ დღეს რომ არჩევნები ჩატარდეს ჩვენ დავმარცხდებითო. როგორ შეიძლება ქვეყანაში მხარი დაუჭირონ აგენტურას, ადამიანებს, ვინც ქვეყნის წინააღმდეგ მიდის, ვინც ამბობდა, რომ მშვიდობას გვირჩევნია ქვეყანაში ბომბები ცვიოდესო. ხალხი კარგად ხედავს რა ძალაა, საიდან იმართება ეს ყველაფერი და რა არის მთავარი მოტივაცია საქართველოსთან მიმართებით. ეს ნამდვილად არ არის არც ქვეყნის ინტერესი, არც ქართველი ხალხის ინტერესები, მათ სხვა ინტერესები გააჩნიათ საქართველოსთან მიმართებით.
იგივე დამოკიდებულება აქვთ, რაც თუნდაც უკრაინის მიმართ ჰქონდათ. არავის არ უნდა მივცეთ ამის შესაძლებლობა. იყო მოწოდებები მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, იყო მოწოდებები, რომ ჩვენ უნდა შევუერთდეთ ეკონომიკურ სანქციებს. ჩვენ რომ სისუსტე გამოგვეჩინა და პრინციპულები რომ არ ვყოფილიყავით, შეცდომა რომ დაგვეშვა დღეს სად ვიქნებოდით? ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, დღესაც გრძელდება შანტაჟი, მუქარა შემოტევები, მაგრამ პრინციპულად უნდა დავდგეთ, გავაგრძელოთ ის პრაგმატული პოლიტიკა, რაც ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი. ჩვენ არავის არ ვესხმით თავს, ვიცავთ საკუთარ ქვეყანას, საკუთარ ხალხს და ჩვენს ინტერესებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.