არ არის მარტივი საღიარებელი, მაგრამ ოპოზიცია არ გვყავს, მჯერა ჩემი საზოგადოების, რომელიც გვერდით დაუდგა ხელისუფლებას, იმიტომაც იგებს ყველა არჩევნებს და ასეც გაგრძელდება, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პირველ არხთან.
„იცით, რატომ არ აქვთ გეგმა? რადგან ისინი არ გეგმავენ. სამწუხაროდ, ისინი არ არიან ოპოზიცია. ალბათ ცალკე სასაუბროა, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით როგორი მითი არის შექმნილი, უარყოფითი პერსონაჟია მათ თვალში. ალბათ შემდეგ გავიაზრებთ თითოეული მოქალაქე და ჩვენი შთამომავალი, რა მსხვერპლზე წავიდა და რა ცვლილება მოხდა საქართველოში მისი საშუალებით. სწორედ ამის გამოძახილია, რომ დღეს ასე მყარად არის ჩვენი სახელმწიფო.
სპორტი როგორი თემაა და ამის წართმევაც უნდათ. გახსოვთ, როგორ სურდათ ფეხბურთელების დაპირისპირება, ბუდუ ზივზივაძის, ქოჩორაშვილის თემის შემოტანა, ერთმანეთის დაპირისპირება. ეს ყველაფერი თავისით ვერ მოხერხდება, თუ არ იქნება კონკრეტული მიდგომა, დაფინანსება. ეს ყველაფერი ხომ ჩვენ თვალწინ განხორციელდა, განვითარდა.
ამხელა ნახტომი გააკეთა ქართულმა რაგბმა. ეროვნული ჟინი, ეროვნული განცდა ხომ ამ მორაგბეებმა დაგვიბრუნეს, მაგრამ რა მორაგბეები იქნებოდნენ ამ ადამიანის ინვესტიციის გარეშე. ვერაფერი იქნებოდნენ. ეს ხომ ძალიან კარგად ვიცი. მახსოვს უნივერსიტეტზე როგორ ქილიკობდნენ, დენდროლოგიურზე, რომ სახლში მიაქვს ხეები, ნახე რას შვრებაო. მთელი სია არის იმისა, რა არის „ქართუს“ გაკეთებული. ამას რას უშვრებით? ამას როგორ ეხებიან.
მჯერა ჩემი საზოგადოების. ჩვენი საზოგადოების უმრავლესობამ ეს ყველაფერი კარგად გაიაზრა, დაინახა, გვერდით დაუდგა ხელისუფლებას. იმიტომაც იგებს ყველა არჩევნებს და ასეც გაგრძელდება. ჩვენ ხომ ვაღიარებთ, რომ ოპოზიცია არ გვყავს. ეს ხომ არ არის მარტივი საღიარებელი, ეს ქვეყნისთვის კარგი არ არის. კრიტიკული აზრი სულ გჭირდება. ეს როცა არ არის ან აბსოლუტურად განსხვავებული მიმართულებისაა, რა თქმა უნდა, ხდება პროცესების შეფერხება. ისინი სარგებლობენ ამ პროცესით, გარე დაკვეთებით. ეს მილევადია“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.