ადამიანის უფლებათა დაცვის საპარალამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ არაფერი იცის იმ ფაქტის შესახებ, რომლის თაობაზეც ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნათია გუჯაბიძესთან დაკავშირებით საუბრობს.
ამის შესახებ ეკა ბესილამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მისივე შეფასებით, ნიკა გვარამიას ბოლო დროინდელი განცხადებები არანაირი ეთიკისა და ჩარჩოს ფარგლებში აღარ ეტევა.
“ნიკა გვარამიას ბოლო დღეების განცხადებების შემყურეს, მისი განცხადებების მიმართ ძალიან მაღალი უნდობლობა მაქვს. ვისაც ეხება, ის გადაამოწმებს და პასუხს გასცემს, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში მისი მხრიდან ისეთი განცხადებები კეთდება, მათ შორის, იყო პრემიერ-მინისტრის მისამართით გაკეთებული განცხადება, რაც არანაირი ეთიკისა და არანაირი ჩარჩოს ფარგლებში აღარ ეტევა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ტელეკომპანია ”რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნათია გუჯაბიძე, რომელიც ”რუსთავი 2”-ის საქმის ერთერთი განმხილველია, თაღლიღობაშია შემჩნეული.
როგორც გვარამიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ნათია გუჯაბიძემ სახელმწიფო ქონება გაფლანგა.
”რამდენიმე საათის წინ ჩვენთვის მნიშვნელოვანი გარემოება გახდა ცნობილი. ერთ-ერთი მოსამართლე ნათია გუჯაბიძე, ჩვენი ინფორმაციით, იდევნება თაღლითობისთვის საქართველოს პროკურატურის მიერ. საქმე იმაშია, რომ 2014 წელს მას გამოეყო სახელმწიფოს მხრიდან სახსრები იმ მოტივით, რომ არ ჰქონდა საცხოვრებელი სახლი თბილისში, თუმცა აღმოჩნდა, რომ მას სახლი ჰქონდა და ბინას საკუთარი დედისგან ქირაობდა. შესაბამისად, იგი ამ თანხებს უკანონოდ ითვისებდა”, – განაცხადა გვარამიამ.
მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი ცნობილი გახდა იუსტიციის საბჭოსთვის და თავის დროზე მოკვლევა დაიწყო, თუმცა საქმე პროკურატურაში არ გადაიგზავნა.
“ნიკა გვარამიას განცხადებები არანაირი ეთიკისა და ჩარჩოს ფარგლებში აღარ ეტევა”
2016/06/01 22:18:28
კომენტარები
ნანახია: 1979 ჯერ