თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის დაკითხვა, თითქმის სამი საათი მიმდინარეობდა და იგი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
ბაჩიაშვილს კითხვებს დაცვისა და ბრალდების მხარეები უსვამდნენ.
სხდომაზე პროკურორი მიხეილ სადრაძე დაინტერესდა და კითხვით მიმართა ბაჩიაშვილს, რუსთის მოქალაქეობის ფაქტის გამო შექმნია თუ არა მას პრობლემები, დაუხურეს თუ არა ანგარიშები. სადრაძემ აღნიშნა, რომ ბაჩიაშვილის იმეილებშია ამის შესახებ ინფორმაცია, რომ ამას გარკვეული უარყოფითი ეკონომიკური შედეგი ჰქონდა, თუმცა რუსეთის მოქალაქეობაზე უარი ბაჩიაშვილს არასდროს უთქვამს.
სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა განმარტება ჟურნალისტებთან გააკეთა.
„პრაქტიკულად ყველა გარემოებასთან დაკავშირებით, თუკი რაიმე არსებითი ხასიათის კითხვა იყო, ყველაფერს თავი აარიდა. თავი აარიდა, მათ შორის, მის მიერ შედგენილ და წარმოდგენილ დოკუმენტებზე პასუხს, რადგან ჩათვალა, რომ ეს მისი საწინააღმდეგო იყო. ნამდვილად საწინააღმდეგო იყო, რადგან იქ დაფიქსირებულია კონკრეტული მანიპულაციები, რასაც ის ახორციელებდა.
ასევე, მას წარედგინა კონკრეტული დოკუმენტაცია, სადაც ძალიან დიდ წინააღმდეგობაში მოდიოდა მის საჯარო განცხადებებთან, ასევე სასამართლო პროცესებზე მის მიერ დაფიქსირებულ პოზიციებთან. ბუნებრივია, ამაზეც მან ვერანაირი ახსნა ვერ გააკეთა. ყველა პოზიციას, რასაც ის აქამდე აფიქსირებდა, არა მხოლოდ საჯაროდ, მასმედიაში, არამედ სასამართლოს დარბაზსა და სხდომებზე, აბსოლუტურად ყველაფერი უარყო და თქვა, რომ ამ კითხვებზე ის პასუხს არ გასცემდა. შესაბამისად, ეს ადასტურებს შეფასებასა და დასკვნას იმისა, რომ დანაშაულებრივი გეგმა მას წინასწარ ჰქონდა მომზადებული და ყველა შესაძლო მოვლენისთვის, სცენარისა და განვითარებისთვის ის მზად იყო. არანაირი პასუხი არ ჰქონდა, მათ შორის, იმ აღიარების დოკუმენტთან, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ მისი პროპორცია, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, მხოლოდ და მხოლოდ 1,5 მლნ დოლარის ფარგლებში იყო. სწორედ ამას ვედავებოდით და ეს დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლომ“, – განაცხადა პროკურორმა სადრაძემ.
სააპელაციო სასამართლო სხდომა ხვალ 12:00 საათზე განახლდება. მხარეებმა დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოადგინონ, რის შემდეგაც 3 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.
საქალაქო სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ 9 ათასი ბიტკოინის გადახდა დააკისრა.