საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის სამ ფაქტზე სამი პირი დააკავა.
საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულის გამოსავლენად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და საგამოძიებო მოქმედებები თბილისში, ოზურგეთსა და სამეგრელოს რეგიონში ჩაატარა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების, ჯამში, 8 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 39 000 ლარს აღმატება.
მათივე ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.