თეთრი სახლის სპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი დათანხმდა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ორმხრივ შეხვედრას.
„პრეზიდენტი [ტრამპი] ყოველთვის ამბობდა, რომ ამ ომში არის საკითხები, რომლებზეც უთანხმოება არსებობს და რომლებიც ამ ორმა ქვეყანამ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს. ამიტომაც მას სურს, რომ ეს ორი ქვეყანა პირდაპირ დიპლომატიურ მოლაპარაკებებში ჩაერთოს“, – აღნიშნა კეროლაინ ლევიტმა.
ლევიტის თქმით, ტრამპთან საუბარში როგორც უკრაინის, ასევე რუსეთის ლიდერებმა „გამოთქვეს მზადყოფნა, დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან, ამიტომ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ჯგუფი ორივე ქვეყანას ამის გაკეთებაში დაეხმარება“.
კითხვაზე, დაადასტურა თუ არა პუტინმა ტრამპთან საუბარში ზელენსკისთან ორმხრივი შეხვედრისთვის მზადყოფნა, თეთრი სახლის სპიკერმა ეს რამდენჯერმე დაადასტურა.