როგორც იცით, ლევან ნატროშვილი არის ISFED-ის მოქმედი ხელმძღვანელი. თავად, 27 აგვისტოს მის მიერ გაკეთებულ განცხადებაში არ უარყოფდა, რომ მონაწილეობდნენ ამ აქციებში და სწორედ თანამშრომლებისთვის შეიძინა რესპირატორები, – განაცხადა პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ.
„როგორც იცით, აქციები დაიწყო 28 ნოემბერს და აქციების დაწყებიდან მეორე დღეს, 29 ნოემბერს შეძენილი აქვთ სახის დამცავი სათვალეები და რესპირატორებისკომპლექტი. ამის შეძენა დანაშაული არ არის, თუმცა როდესაც პოზიციონირება არის, რომ ისინი არიან მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რა საჭიროა სახის დამცავი საშუალებებისა და რესპირატორების შეძენა, თუ ისინი განწყობილნი იყვნენ მშვიდობიანად გასაპროტესტებლად? ისინი ხსნიან, რომ ეს თავდაცვის საშუალებებია. ჩვენ გვაინტერესებს ვისგან იცავდნენ ისინი თავს.“-აღნიშნა კოტრიკაძემ.
პროკურორის თქმით, ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ISFED-ი არა დაკვირვების მიზნით იმყოფებოდა აქციაზე, არამედ აქციებში მონაწილეობდა.
„თუ უფლებადამცველი ორგანიზაციები არიან, უნდა დაიცვან კანონის მოთხოვნა – როდესაც პოლიცია მოუწოდებს, რომ დაიშალონ, ისინი მოთხოვნას უნდა დაემორჩილონ. მაშინ ისმის კითხვა, რა საჭიროა ეს დამცავი სათვალეები და რესპირატორები, თუ არა პოლიციასთან ჭიდაობა. ხედავდით, რომ მსგავსი საშუალებებით უწევდნენ პოლიციას წინააღმდეგობას. კითხვა მარტივია – რაში სჭირდება მშვიდობიან დემონსტრანტს მსგავსი აღჭურვილობა. ISFED არც მალავს ამ აქციებში მონაწილეობას. რესპირატორების, სახის დამცავი სათვალეები და ხმის გამაძლიერებელი აქვთ შეძენილი, ეს მიუთითებს, რომ აქციებში მონაწილეობდნენ და არა ვთქვათ, დაკვირვების მიზნით იმყოფებოდნენ აქციაზე“, – განაცხადა ლაშა კოტრიკაძემ.