საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო შენახვისა და გავრცელების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს.
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა უკანონოდ შეინახა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია, რომლის გავრცელების მუქარით, კვლავ აიძულებდა იგივე შინაარსის ფოტოსურათების გაგზავნას.
ბრალდებული 9 სექტემბერს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვა და გამოყენება) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურა, მსგავსი დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ მკაცრ სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას ატარებს.
ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.