შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, პოლკოვნიკმა დავით თამაზაშვილმა საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ახლად დანიშნულ ატაშესთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ საზღვრის დაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, სასაზღვრო პოლიციის უფროსმა საქართველოსა და აშშ-ის შორის საზღვრის დაცვის სფეროში არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს სასაზღვრო პოლიციის პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები გააცნო.
„შეხვედრისას მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავებისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვეს. სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ახლად დანიშნულ სამხედრო ატაშეს – პოლკოვნიკ ჯონათან ადამსს საქართველოში წარმატებული საქმიანობა უსურვა.
შეხვედრას სასაზღვრო პოლიციის მოადგილეები – პოლკოვნიკი დავით ბიწკინაშვილი და პოლკოვნიკი გივი გორდაძე, ასევე, სასაზღვრო პოლიციის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი – I რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი რედ კრისტენსენი და აშშ-ის საელჩოს საზღვაო მრჩეველი სტივენ ბაუერი ესწრებოდნენ“, – ნათქვამია საზღვრის დაცვის დეპარტამენტის გავრცელებულ ინფორმაციაში.