სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საპატიო თბილისელის წოდება 30 მოქალაქეს მიანიჭა.
კახა კალაძემ შეკრებილ სტუმრებს „თბილისობა“ მიულოცა და მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვისაც ყოველდღიურად შეაქვს საკუთარი წვლილი ქალაქის განვითარებაში.
„მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს ზურაბ აბაშიძეს, დამსწრე საზოგადოებას, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ჩვენს უცხოელ სწტუმრებს, მივესალმები უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, მივესალმები ჩვენს საყვარელ თბილისსა და თბილისელებს
თბილისობის“ დღესასწაულს გილოცავთ ყველას. თბილისი თავად არის სასწაული – ქალაქი, რომელმაც საუკუნეების მანძილზე გაუძლო უამრავ განსაცდელს, ფერფლიდანაც ბევრჯერ აღდგა და მუდამ სიცოცხლით სავსე, მუდამ ახალგაზრდული სულით აგრძელებს სვლას. ჩვენ ახლა ვიმყოფებით თბილისის გულში, ზემოდან გადმოგვყურებს ნარიყალა, ბუმბერაზი ქართველების სამყოფელი – მთაწმინდა, ქვემოთ სოლოლაკი და ხმაურიანი აბანოთუბანია, აქვეა მეტეხი, ავლაბარი, ჩუღურეთი. აქ ყველა ადგილი, ყველა ქუჩა უდიდეს ისტორიას ინახავს, თუმცა, თბილისი მხოლოდ ღირშესანიშნავი ადგილები და უძველესი არქიტექტურა არ არის. ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო ლამაზია, როდესაც ქმნის, ფეხს უწყობს თანამედროვეობას, ყოველდღიურად ვითარდება, ინარჩუნებს თავის ისტორიას და საფუძველს უყრის მომავალს.
ყველაფერი, რაც ღირებულია თბილისისთვის, რასაკვირველია, შექმნილია ამ ქალაქის მცხოვრებთა შრომით, მათი პროფესიონალიზმით, ზრუნვით, სიყვარულით და ერთგულებით დედაქალაქის მიმართ. თბილისს ქმნით თქვენ, თბილისელები და იგი ზუსტად ისეთია, როგორიც არის ჩვენი ყოველდღიურობა, ჩვენი დამოკიდებულება მის მიმართ. სწორედ აქ და ახლა ჩვენ ვქმნით თბილისის დღევანდელობას და მე, როგორც ამ ქალაქის მერი, ვარ ბედნიერი ადამიანი, რადგან თბილისს ჰყავს გამორჩეული ადამიანები, რომლებმაც თავიანთი კვალი დაატყვეს ქალაქს.
საპატიოა ყველა მოქალაქე, ვინც ზრუნავს ქალაქზე, დახმარების ხელს უწვდის გაჭირვებაში მყოფებს, ვინც კეთილსინდისიერი შრომით ემსახურება ქალაქს და ქვეყანას. მინდა, თითოეულ მათგანს, მთელი გულით, მადლობა გადავუხადო გაწეული შრომისთვის და საქმიანობისთის. ტრადიციას არც წელს დავარღვევთ და თბილისის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებმაც ზუსტად იციან, რომ თბილისის საპატიო მოქალაქეობა მხოლოდ წოდება არ არის, ეს, პირველ რიგში, არის უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ხალხის წინაშე, უდიდესი პასუხისმგებლობა თბილისისა და თბილისელების წინაშე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 30 ადამიანს მიენიჭა.