ბოლო პერიოდში ხშირად გვხვდება მცდელობა, საქართველოს თანამედროვე ისტორია „ზედაპირული შკალით“ შეფასდეს — თითქოს ყველა ხელისუფლება „ერთნაირად“ ცუდი და მიუღებელი იყო, – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია.
როგორც ის აღნიშნავს, იგულისხმება ახლახანს იუთუბზე გამოქვეყნებული ია ანთაძის პოდკასტი “განულებული კარიერა”.
„ბოლო პერიოდში ხშირად გვხვდება მცდელობა, საქართველოს თანამედროვე ისტორია „ზედაპირული შკალით“ შეფასდეს — თითქოს ყველა ხელისუფლება „ერთნაირად“ ცუდი და მიუღებელი იყო და ზვიად გამსახურდიამ, ედუარდ შევარდნაძემ, მიხეილ სააკაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა ერთნაირად კარგად დაიწყეს და ერთნაირად ცუდად დაამთავრეს. იგულისხმება ახლახანს იუთუბზე გამოქვეყნებული ია ანთაძის პოდკასტი “განულებული კარიერა”.
ნათქვამია, ბეღურებს ზარბაზნებს არ ესვრიანო, მაგრამ უნდა ითქვას: რასაც აქ ავრცელებს ია ანთაძე, არის არა მხოლოდ არასერიოზული ანალიტიკა, არამედ ისტორიის იმ ზომამდე ზერელე წარმოდგენა, რომ გაყალბებაში გადადის.
ზვიად გამსახურდია იყო პრეზიდენტი, რომელიც არჩეულ იქნა არა პარტიული სქემებით, კულისური გარიგებებით ან რომელიმე გეოპოლიტიკური ძალის მიერ ნაკარნახევი გეგმით, არამედ ქართველი ხალხის პირდაპირი, ემოციური და ისტორიული არჩევანით. მისი პოლიტიკური იდეა ერთმნიშვნელოვანი იყო — საქართველოს ეროვნული, სუვერენული და კულტურულად თვითმყოფადი სახელმწიფო.
ზვიად გამსახურდია თავის კოალიციასთან ქმნიდა სახელმწიფოს, ქმნიდა საშინელ პირქარში და საბოტაჟის სიტუაციაში, როგორც გარეშე, ისე შიდა მტრების მობილიზაციის პირობებში. მაშინ როცა სხვა ლიდერები მართავდნენ უკვე შექმნილს — ზოგჯერ უკეთესად, ხშირად უარესად. ან რომელ კარიერაზე საუბრობს, ზვიადს რომ კარიერა მოსდომებოდა, მოზარდობიდან გარანტირებული ექნებოდა, თანაც საუცხოო, მაგრამ სხვა გზა აირჩია, რომლის დანახვის შინაგან ორგანოს ია მოკლებული ჩანს. ის მაინც გაეხსენებინა, რაც ნაპოლეონმა გოეთესთან საუბარში ბერძნულ ტრაგედიაზე თქვა: ჩვენი დროის დრამა ანტიკურისგან იმით განსხვავდებაო, რომ ჩვენს დროში ბედისწერა, რაც ბერძნულ დრამაში რელევანტური იყო, როლს აღარ თამაშობსო; ის დღეს პოლიტიკამ ჩაანაცვლაო.
ზვიად გამსახურდიას ბედი — პოლიტიკური, მორალური და ტრაგიკული იყო ერთსა და იმავე დროს. მისი ხელისუფლება დასრულდა არა არჩევნებით, არა ინსტიტუციური ცვლილებით, არა საზოგადოებრივი კონსენსუსით — არამედ სისხლიანი პუტჩით, რომელიც განხორციელდა იმავე ჯგუფების მონაწილეობით, ვინც მოგვიანებით გარდაიქმნა პოლიტიკურ, მედიურ და ბიზნეს-ელიტებად. სწორედ ამიტომ მისი ბედი არის გმირის ტრაგედია და არა პოლიტიკოსის კარიერული წარუმატებლობა.
მისი სიკვდილი დღემდე მოცულია ვითომ „გაურკვევლობით“, თუმცა ყველასთვის გასაგებია: სახელმწიფო, რომელიც ვერ დაიცავს პირველ პრეზიდენტს, ვერ განახორციელებს სრულფასოვან სუვერენიტეტს.
განსხვავება იმაშია, რომ ზვიად გამსახურდიას დროს სახელმწიფო თავის პირველ ნაბიჯებს დგამდა და ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტი საერთაშორისო აღიარება იყო. ერთია — უშედეგო მმართველობა; სრულიად სხვაა — მეზობელი აგრესიულ ქვეყნის სამხედრო, პოლიტიკური და სპეცსამსახურული ჩართულობით ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდით წართმევა იმ დროს, როცა სახელმწიფო მხოლოდ იბადებოდა. ზვიადის ხელისუფლებას სამოქალაქო ომი ვინც მოახვია, (თუნდაც ის საწყის ფაზაში დარჩენილიყო, რადგან ის არ გაღვივებულა…) და რომელი ქვეყნიდან (ქვეყნებიდან) იქნა ეს განხორციელებული, არც ამას მიანიშნებს თავის პოდკასტში ჟურნალისტი თუნდაც გაკვრით. ამიტომაც ია ანთაძე მეხსიერების მანიპულაციას ეწევა, ქართული სახელმწიფოს უახლესი ისტორიის “დატროლვასთან” ერთად. მას ვერ მოვთხოვთ დღვანდელი ხელისუფლების ობიექტურ შეფასებასაც, რადგან რადიკალური ოპოზიციისთვის დამახასიათებელი ფსევდორევოლუციური სიბრმავე ამის საშუალებას არ მისცემს – გარდა იმისა, რომ ოპოზიცია ეფემერული გახდა, განიცადა ფრაგმენტაცია, კიდევ რატომ, რა ობიექტური მიზეზების გამო ახერხებს “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში დარჩენას, რომელი რაციონალური და გათვლილი პოლიტიკური ნაბიჯებისთვის, რაც ამომრჩეველს არ გამორჩენია მხედველობიდან. ან როდის “დაამთავრეს?” აქ რა, სურვილის მიხედვით აზროვნებასთან გვაქვს საქმე?
როდესაც საზოგადოებას საჯაროდ ესაუბრება ანალიტიკოსი, რომელიც აცხადებს, რომ „ყველა ხელისუფლება ერთნაირად ცუდი იყო“, საზოგადოებამ უნდა იცოდეს: ამ განცხადებას აქვს პოლიტიკური წარსული და ინტერესთა განზომილება.
ია ანთაძე თავად იყო იმ ჯგუფების არც თუ პასიური მხარდამჭერი, რომლებიც მონაწილეობდნენ 1991–92 წლების მოვლენებში და რომლებიც იყვნენ გამსახურდიას ჩამოგდებისა და სახელმწიფო რღვევის პროცესში ჩართულნი.
თვითონ მონაწილეობდე სისტემის ჩამოგდებაში და შემდეგ აცხადებდე, რომ სისტემა „თავიდანვე ცუდი იყო“ — ეს არის პასუხისმგებლობის მოშორების კლასიკური სქემა. ამიტომაც ვერ სცდება ედუარდისეულ ზღაპრობებს ნატო ონიანის გადაცემაში, ვერ სიგუას, ლომოურის, ნაირა გელაშვილის და მათი მსგავსი პუტჩისტების განცხადებების დონეს.
პოდკასტმა ვერანაირად ვერ დატოვა დამაჯერებელი შთაბეჭდილება – ადრე კრიტიკულად დავპირისპირებივარ ხოლმე ზაალ ანდრონიკაშვილის ან გია ნოდიას პოსტებს, თუმცა ისინი იასთან შედარებით სამუელ ჰანტინგტონებად მოჩანან. საზოგადოებას არ ეშლება მეხსიერება — მას ხშირად ახსნიან განსხვავებულად. ისტორიის გაგება იწყება იმ განსხვავებების გააზრებით, რომელთა წაშლასაც ზოგიერთი სოციალური ჯგუფი შეგნებულად ცდილობს“, – წერს კონსტანტინე გამსახურდია.
