დასავლეთ ესტონეთში მდებარე პატარა კუნძულს „მცირე ზომის კუნძულის“ სტატუსი მიენიჭება და დამატებით დაფინანსებას მიიღებს, რადგან მის ტერიტორიაზე, სულ მცირე, ხუთი ადამიანი უკვე დარეგისტრირდა, რომლებიც იქ ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ.
პატარა კუნძული საარნაკი (Saarnakilaid), რომლის ფართობი 143 ჰექტარია, ვაინამერის სრუტეში, კუნძულ ჰიიუმაას სამხრეთ-აღმოსავლეთითმდებარეობს. ის ამავე დასახელების (ჰიიუმაა) ოლქში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კუნძულია. საარნაკის სიგრძე 3.4 კილომეტრამდეა, ხოლო სიგანე – დაახლოებით 0.7კილომეტრი.
ესტონეთის კანონმდებლობის თანახმად, კუნძულს „მცირე ზომის კუნძულის“ სტატუსი მაშინ ენიჭება, როდესაც აქ, მთელი წლის განმავლობაში, სულ მცირე, ხუთი მუდმივი მცხოვრები ბინადრობს. მოსახლეობის რეესტრის მონაცემებით, ამ მოთხოვნას საარნაკი ახლა უკვე აკმაყოფილებს.
მთავრობა გეგმავს კანონში ცვლილებების შეტანას, რათა საარნაკი მუდმივი მოსახლეობის მქონე მცირე ზომის კუნძულების ჩამონათვალში შეიყვანოს.
როდესაც ამ ჩამონათვალს ახალი კუნძული ემატება, ადგილობრივმა თვითმმართველობებმა მისი განვითარების გეგმა უნდა შეიმუშავონ. 2027 წლიდან, ჰიიუმაას მუნიციპალიტეტი, საარნაკის მცხოვრებლებისთვის სერვისების მისაწოდებლად, დამატებით დაფინანსებას მიიღებს.
2025 წლის 1 თებერვლის მონაცემებით, ესტონეთს 18 მცირე ზომის კუნძული აქვს. 1 დეკემბრის მდგომარეობით, მათი მოსახლეობის საერთო რაოდენობა, საარნაკის ჩათვლით, 1 846 ადამიანს შეადგენს.
https://news.err.ee/1609882288/estonia-gets-a-new-small-island
