შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ისრაელის მოქალაქე, 2005 წელს დაბადებული მ.ნ. დააკავეს.
სამართალდამცველების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ საქართველოში ტურისტად მყოფმა ისრაელის მოქალაქემ, 2025 წლის 29 დეკემბერს, გმირთა მოედნის მიმდებარედ არსებულ გვირაბში ავტომობილით გადაადგილებისას აკუსტიკური იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აკუსტიკური იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
აღნიშნული ქმედების გამო, დაკავებული პირი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 30 დეკემბრის დადგენილებით დამნაშავედ იქნა ცნობილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. დაკავებულ ისრაელის მოქალაქეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სახდელის სახით დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით, ასევე, ქვეყნიდან გაძევება და საქართველოში შემოსვლაზე აკრძალვა 3 წლის ვადით.
აღსანიშნავია, რომ ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, დაიხვეწა საქართველოში როგორც არალეგალურად, ასევე, ლეგალურად მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გაძევების მექანიზმები, რაც შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მათი ქვეყნიდან გაძევების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს.
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღნიშნული პირის საქართველოდან გაძევების ღონისძიება განახორციელეს. მას ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა კანონით განსაზღვრული ვადებით დაუწესდა.

