აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდის Fitzgerald-ის შეჯახების შედეგად დაკარგული 7-ვე სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილები იპოვეს. მათი ცხედრები დატბორილ კაიუტებში აღმოაჩინეს. BBC-ის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების ხელმძღვანელობის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა. „დაკარგული მეზღვაურები იმ კაიუტებში იმყოფებოდნენ, რომელიც შეჯახების შედეგად დაიტბორა. ისინი ქალაქ იოკოსუკის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც ამოცნობა მოხდება,“- ნათქვამია განცხადებაში.
იაპონიის სანაპიროებთან ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი Fitzgerald-ი ფილიპინების დროშის ქვეშ მცურავ სავაჭრო გემს ACX Crystal-ს 17 ივნისს ღამით შეეჯახა. 7 სამხედრო მოსამსახურე დაკარგულად ითვლებოდა. აეკიპაჟის სამი წევრი, მათ შორის კაპიტანი დაჭრილია. მათი ევაკუაცია უკვე მოხერხდა. ამის შესახებ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების განცხადებაშია ნათქვამი. ხომალდმა მნიშვნელოვანი დაზიანებები მიიღო. ხომალდის და სავაჭრო გემის შეჯახება ღამით იაპონიის ქალაქ იოკოსუკადან 100 კილომეტრში მოხდა.