გვერდი “დედოფალი” სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერ-მინისტრის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
ღვთისმშობლის სასწაულებრივი ხატის მცველები ოფიციალურ გვერდზე პოსტს აქვეყნებენ.
“მამლის ყივილამდე!
დღეს დააკავეს საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ცხადია ამ ყველაფერს სოციალურ ქსელში და ზოგადად საზოგადოებაში დიდი გნიასი მოჰყვა. ზოგს გაუხარდა, ზოგს ეწყინა, ზოგმაც როგორც ხდება ხოლმე ზურგი აქცია, ამ კაცს არ ვიცნობდიო. ასეა თუ ისე, როდესაც ქვეყნის ორგზის პრემიერ მინისტრი პატიმარი ხდება ქვეყნისთვის ტრაგედია უნდა იყოს. ამ ადამიანს ებარა ქვეყანა და თანაც ორგზის, თუმცა მთავარი საკითხი ყველას გამორჩა ამ ტრაგედიისა. აი ჩვენ ვსხედვართ და სულ სხვა რამეს ვფიქრობთ, სულ სხვას..
ირაკლი ღარიბაშვილი გახლავთ უფლის საფლავის მცველი. ეს ტიტული მას, როგორც საქართველოს პრემიერ მინისტრს მიანიჭა იერუსალიმის პატრიარქმა უნეტარესმა თეოფილე მესამემ. ეს ამბავი არავის ახსოვს. ალბათ თავად ბრალდებულსაც არ ახსოვდა რომ ის ქრისტეს საფლავის მცველია და ეს არის უდიდესი პატივი ქრისტიანისთვის და უდიდესი პასუხისმგებლობაც. არ ახსოვდა ისიც, რომ იმ რღვევის შემდეგ, რომლის შემდგომაც ქართველებმა იერუსალიმში ყველაფერი დავკარგეთ, უფლის საფლავის მცველობა იყო უმნიშვნელოვანესი წოდება და საშუალება ქართველთა სახელის დასაბრუნებლად. არაფერი გაკეთდა. არც მბრალდებელ მხარეს გახსენებია, რომ ის იჭერდა ამავდროულად ქრისტეს საფლავის მცველს! ეს არ გახსენებია და უხსენებია ეკლესიასაც და ალბათ არასოდეს გახსენებია ხალხს, რომ მისი პრემიერ მინისტრი ამავდროულად ქრისტეს საფლავის მცველია! დაპატიმრების მერეც, ალბათ არავინ იფიქრებს, რომ ეს ახალი ამბავი, როგორი იქნება თავად იერუსალიმის პატრიარქისთვის, რომელიც შეიტყობს, რომ უფლის საფლავის მცველი დაიჭირეს როგორც კრიმინალი და ზის ციხეში. არცერთმა მხარემ ეს არ გაიხსენა და არ იფიქრა რომ რაღაც არის სირცხვილი, უპირველესად ღვთის წინაშეა სირცხვილი. ალბათ ეს იმიტომ მოხდა, რომ ვერავინ გააცნობიერა, რას ნიშნავს იყოს ადამიანი მცველი უფლის საფლავისა, ახლა ვიღაც ჩაიცინებს კიდეც, ეს სიმბოლური იყოო, მასე ყველაფერი ფარდობითია ამ ქვეყანაზე და როგორც ჩანს ჩვენი ქრისტიანობაც მხოლოდ სიმბოლური გახდა. სიმბოლურად ვდგებით დიდ დღესასწაულზე უზარმაზარი კელაპტრებით, არც იერუსალიმის ეკლესია მიგვაჩნია რამედ, არც უფლის საფლავი და არც მისი მცველობა. იქ სადაც ჩვენი პირადი ინტერესია, ქრისტეც სიმბოლური ხდება მხოლოდ. თუ საჭიროა იმასაც იტყვი, რომ ამ კაცს, არასოდეს შეხვედრიხარ და მამალიც სამჯერ იყივლებს.
ღმერთო, ეგებ მალე გათენდეს!”



