ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი ამირან გიგუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
”დიდი ხანია ვერიდები განცხადებების გაკეთებას და ვცდილობ ნებისმიერი საჯაროობა ავიცილო თავიდან ამ სივრცეში, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო, ამჯერად მინდა რამდენიმე სიტყვით გაგიზიაროთ ჩემი, როგორც ადვოკატის და როგორც მოქალაქის მოსაზრება ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ.
უკვე ოცი წელია საადვოკატო საქმიანობას ვეწევი და ისე გამოვიდა, რომ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ბევრ ცნობილ და გავლენიან ადამიანს ვიცავდი. უმრავლესობასთან საადვოკატო მომსახურების დასრულების შემდეგაც ვაგრძელებ ადამიანურ და ზოგჯერ მეგობრულ ურთიერთობას. ბევრი მათგანი სრულიად განსხვავებულად დავინახე, ვიდრე მათ საზოგადოება იცნობს და ეს უდავოდ ჩვენი პროფესიის საინტერესო ნაწილია. ადამიანი კრიზისულ მომენტებში შეიცნობა და ამ მხრივ ჩვენ, ადვოკატები ბევრ დაკვირვებას ვახდენთ.
ირაკლი ღარიბაშვილის და მისი ოჯახის ინტერესებს ვიცავდი ჯერ კიდევ მისი პრემიერ მინისტრობის და პოლიტიკური გაერთიანება, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარეობის დროს, თუმცა მაშინ, მისი გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ცხადია დიდი შეხება ერთმანეთთან არ გვქონია.
2025 წლის 18 ოქტომბერს, როდესაც დამიკავშირდა და შეხვედრა მთხოვა, ამჯერად უკვე გასაგები იყო, რომ ამ საქმის პოლიტიკური და სამართლებრივი ნიუანსების გათვალისწინებით, ჩვენი ურთიერთობა რთული და სპეციფიური კატეგორიის იქნებოდა. პირველივე შეხვედრისთანავე, მისმა უშუალობამ და ნდობის უდიდესმა მანდატმა, რომელიც გამომიცხადა როგორც ადვოკატს, ყველა სახის დაძაბულობა მომიხსნა და საშუალება მომცა საღი აზრით, ემოციების გარეშე განმეხილა მოვლენათა ყველა ვარიანტის განვითარების ალბათობა და მოსალოდნელი შედეგები. გულწრფელად გაოცებული დავრჩი მისი უშუალობით და ოპტიმიზმით, რომელსაც ყველაზე კრიტიკულ წუთებშიც კი ინარჩუნებდა. მთავარი რასაც იგი პირველივე დღიდან ხაზს უსვამდა, მოვლენათა ნებისმიერი ფორმით განვითარების შემთხვევაში, საკუთარი ინტერესების ხარჯზე, ქვეყნის ინტერესების დაზიანების გამორიცხვა იყო. (მერწმუნეთ ასეთი ბევრი ვარიანტი არსებობდა, მაგრამ ეს ის წითელი ხაზი იყო, რომელიც ცალსახად გაავლო და ბუნებრივია მე ეს მივიღე, როგორც მოცემულობა).
მინდა სიმხნევე და გაძლიერება ვუსურვო მას და მის შესანიშნავ ოჯახს, რომელიც ასეთი დიდი სიყვარულით და ერთიანობით უდგას მხარში.
დარწმუნებული ვარ ბოლოს ყველაფერი კარგად იქნება. რაც შეგვეხება ჩვენ, ადვოკატებს, მე და ჩემი კოლეგები კვლავაც გავაგრძელებთ მისი ინტერესების დაცვას იმ ფორმით და შესაძლებლობებით, რაც არსებული რეალობების გათვალისწინებით, ყველაზე საუკეთესო თუ არა, ყველაზე ნაკლებად დამაზიანებელი იქნება მისთვის.
დანარჩენი კი მემუარებში, დიდი ხნის შემდეგ…🙏✊”



