ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ „დღის ქრონიკასთან“ იმ ბარიერებზე ისაუბრა, რომლებსაც ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიები ქსელურ მარკეტებში აწყდებიან.
მისი თქმით, ფასნამატები, რამდენიმე ძირითად კომპონენტს ეყრდნობა და იმისთვის, რომ სურსათზე ფასებმა დაიწიოს, მნიშვნელოვანია ისეთი მექანიზმის შემუშავება, რომ ბიზნესი დარჩეს თავისუფალი თუმცა გათვალისწინებული იყოს სოციალური ფაქტორიც.
ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, სურსათზე ფასების კლებისთვის კომისია მუშაობს რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის არის ადგილობრივ კომპანიებსა და ქსელურ მარკეტებს შორის ურთიერთობების დარეგულირების ფორმების მოძებნა.
„მიუხედავად იმისა, რომ ექსპორტი დაკავშირებულია გარკვეულ ბუნებრივ ბარიერებთან, ადგილობრივი მწარმოებლები არჩევენ პროდუქციის ექსპორტს, ვინაიდან საკმაოდ დიდი ბარიერებს აწყდებიან ადგილობრივ მარკეტში შესვლის მიმართულებით. ესენია ზუსტად ის გადასახადები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ. მათ შორის მნიშვნელოვანი ფაქტორია სახელშეკრულებო პირობები და კონკრეტული რეალიზებული პროდუქციის შემდგომ, მათთვის აღნიშნული საფასურის გადახდის ვადები. ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგ შემთხვევაში აღნიშნული საფასურის გადახდა დაგვიანებით ხდება, რისი გათვალისწინებაც ადგილობრივ მწარმოებლებს უწევთ თავიანთ ფასწარმოქმნაში და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი მოქმედებს ზოგადად ფასწარმოქმნაზე.
ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივი მწარმოებლები ზოგ შემთხვევაში აწყდებიან მათ შორის არა მხოლოდ ბარიერებს, არამედ კონკრეტულად ქსელური მარკეტების მხრიდანაც არის გარკვეული სტანდარტების თუ ადეკვატური წარმოების მოცულობების მოთხოვნა, რაც ასევე ლოგიკურია ქსელური მარკეტების მხრიდან. ხშირ შემთხვევაში, სტანდარტების თუ მოცულობების დამთხვევა ვერ ხდება.
შესაბამისად, საკითხი არის საკმაოდ კომპლექსური. საჭიროებს მრავალმხრივ მიდგომას და აღნიშნული მიმართულებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ისევე, როგორც მთელი კომისია აგრძელებს მუშაობას, რათა სრულყოფილად იქნას ყველა გამოწვევა იდენტიფიცირებული და გამოძებნილი იქნას ის მექანიზმები, რომელიც მოახდენს აღნიშნული ურთიერთობების დარეგულირებას.
ბუნებრივია, აღნიშნული ახდენს გავლენას იმ ფასნამატზე, რომელიც კვლევის ფარგლებში იყო იდენტიფიცირებული. შესაბამისად, საჭიროა ზუსტი მექანიზმების მოძებნა, რომელიც აღნიშნული ფასნამატის შემცირებას უზრუნველყოფს. აღნიშნული შემცირება არ უნდა იყოს ერთჯერადი“, – განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.
