როდესაც ჩვენ გამოვაქვეყნებთ ისეთ მასალას, რომელიც შეიცავს სავარაუდო სამართალდარღვევის ნიშნებს, იმას ნიშნავს, რომ დაიწყება ადმინისტრაციული წარმოება, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსმა თამთა ქიმბარიშვილმა.
მისი განმარტებით, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოხდება სავარაუდო სამართალდამრღვევი პირის ვინაობის დადგენა.
„მოხდება აღნიშნული პიროვნების გამოვლენა. შემდგომში ჩატარდება ადმინისტრაციული წარმოება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული წარმოების მასალების მომზადებას, ამ პიროვნების იდენტიფიცირებას, ეს მასალები შეიკვრება სამართალდარღვევის ოქმთან ერთად და საქართველოს კანონმდებლობით, განსჯადობის წესების დაცვით გადაეგზავნება საერთო სასამართლოებს”, – განაცხადა თამთა ქიმბარიშვილმა.
