უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის მეოთხე წლისთავის წინა დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ემოციური და პირადი თხოვნით მიმართა დონალდ ტრამპს – მან CNN-თან საუბრისას აღნიშნა, რომ სურს, აშშ-ის პრეზიდენტი „ჩვენს მხარეს დარჩეს“.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ზედმეტად დიდი და მნიშვნელოვანი ქვეყანაა იმისთვის, რომ ამ კონფლიქტს ჩამოშორდეს.
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ხვალ, კონგრესისადმი ყოველწლიური მიმართვისას (State of the Union), ტრამპი მხარს დაუჭერს უკრაინას, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს.
„ისინი უნდა დარჩნენ… დემოკრატიული ქვეყნის გვერდით, რომელიც ერთი ადამიანის წინააღმდეგ იბრძვის. იმიტომ, რომ ეს ადამიანი თავადაა ომი. პუტინი არის ომი. ყველაფერი მხოლოდ მას ეხება. ყველაფერი ერთ ადამიანზეა დაყვანილი, მისი მთელი ქვეყანა კი ციხეშია“, – განუცხადა ზელენსკიმ CNN-ს.
„თუ მათ ნამდვილად სურთ პუტინის შეჩერება, ამერიკა ძალიან ძლიერია“, – თქვა მან.
კითხვაზე, მიაჩნია თუ არა, რომ ტრამპი პუტინზე საკმარის ზეწოლას ახდენს, ზელენსკიმ უპასუხა – „არა“.
უკრაინის ლიდერმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მას ომის რაც შეიძლება მალე დასრულება სურს, ის ვერ დაეთანხმება პუტინის მიერ წამოყენებულ მოთხოვნებს.
„ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ მივცეთ მას ყველაფერი, რაც სურს. იმიტომ, რომ მას ჩვენი ოკუპაცია უნდა. თუ მივცემთ ყველაფერს, რაც სურს, ჩვენ ყველაფერს დავკარგავთ – ყველანი; ხალხს მოუწევს ან გაქცევა, ან რუსად ქცევა“, – დასძინა მან.
