ჩვენ მადლიერები ვართ საჰაერო თავდაცვის უახლესი პაკეტისთვის, ყველა დეტალის გაზიარება არ შემიძლია, მაგრამ პაკეტის ნახევარი უკვე აქ არის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინა ევროპელი მოკავშირეების დახმარებას აფასებს და აუცილებელია, რომ მოლაპარაკებების პროცესში ევროპის ქვეყნებიც იყვნენ ჩართულები.
სიტყვით გამოსვლისას რუსეთის მიმართ სანქციების ახალი პაკეტის დაწესებაზე გაამახვილა ყურადღება საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა. მისი თქმით, აუცილებელია მოსკოვზე ზეწოლა გაძლიერდეს.
„აუცილებელია ზეწოლა რუსეთზე, ამიტომ სანქციების მე-20 პაკეტზე დიდი შრომა მოგვიწევს. ასევე, უნდა გავაგრძელოთ ძალისხმევა აშშ-თან ერთად, თუ რას აკეთებენ ისინი და რას ვაკეთებთ ჩვენ“, – განაცხადა მაკრონმა.
„მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე სანქციების შესახებ ისაუბრა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმაც. კანცლერის თქმით, ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც რუსეთს ამის რესურსი არ დარჩება.
„ჩვენ ძალიან ნათლად უნდა დავინახოთ, ეს ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც პუტინი მიხვდება, რომ მას არ შეუძლია გამარჯვება. სწორედ ამიტომ უნდა გავზარდოთ ზეწოლა რუსეთზე. ჩვენ უნდა შევამციროთ მოსკოვის ომის დაფინანსება. ევროკავშირის მიერ სანქციების მე-20 პაკეტს სწორედ ეს მიზანი აქვს“, – განაცხადა მერცმა.
ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმიდან და ომის დაწყებიდან 4 წელი გავიდა. დღეს ევროპის ქვეყნების ლიდერები კიევში ჩავიდნენ და უკრაინის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატეს.
