ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა მახათას ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ აღავლინა. წირვის შემდეგ მან მრევლს ქადაგებით მიმართა.
მეუფე შიომ დედაენის დღის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
„დიდ მარხვაში წმინდა ეკლესია მოგვიწოდებდა სინანულისკენ, აღსარებისკენ და მრავალმა ჩვენგანმა შეისმინა ეკლესიის ეს მოწოდება და ბევრი მოვიდა ეკლესიაში, აღსარება თქვა, ეზიარა, შეძლებისდაგვარად სული განიწმინდა, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებმაც არ შეისმინეს ეკლესიის დედობრივი ხმა და არ მოსულან.
ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღე გახლავთ დღეს, როგორც გახსოვთ, ის სასწაულებრივად გამოჩნდა ზღვაში, ათონის ივერთა მონასტრის ახლოს და ჩვენმა ქართველმა ღირსმა მამებმა გამოაბრაძანეს ზღვიდან და დააბრძანეს ტაძარში, მაგრამ მეორე დილას დახვდათ კარიბჭის თავზე, რის გამოც ამ ხატს ეწოდა კარიბჭის ხატი. ამ ხატის მეშვეობით, იმ სასწაულების მეშვეობით, უფალი ჩვენ გვახსენებს, რომ ის არ ტოვებს თავის შექმნილ სამყაროს, არ ტოვებს საქართველოს.
დღეს ჩვენს ქვეყანაში აღინიშნება დედაენის დღე, ქართული ენის დღე. ჩვენი ენა უძველესი, უმშვენიერესი და საოცრად დიდებული არის, ერთ-ერთი დიდი საუნჯე, ღმერთისგან ბოძებული, რომლის შენახვამაც განაპირობა ჩვენი ერის დღემდე გადარჩენა, ამიტომ გვმართებს განსაკუთრებული ზრუნვა ჩვენი მშობლიური და უნიკალური ენის შენახვისთვის და გადარჩენისთვის“, – განაცხადა მეუფე შიომ.
