საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „ღამის კურიერის” ეთერში, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობების განახლების აუცილებლობის შესახებ ისაუბრა.
„ჩვენ რა თქმა უნდა ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ ამერიკის მხარესთან. მათთვის ძალიან კარგად არის ცნობილი ჩვენი პოზიცია სტრატეგიული ურთიერთობების განახლებასთან დაკავშირებით. ჩვენ არაფერი დაგვიმალავს ჩვენი საზოგადოებისთვის, საჯაროდ გვაქვს გაცხადებული ჩვენი პოზიციები“, განაცხადა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილმა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში არსებულ მიდგომებზეც გაამახვილა ყურადღება და საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები უსამართლობად შეაფასა.
„ნამდვილად უსამართლო იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ, იმ პირობებში, როდესაც საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის რეგიონში გამორჩეულად სანდო პარტნიორი იყო. რა თქმა უნდა, ამ ფონზე საქართველოსთან მიმართებაში მსგავსი დამოკიდებულება მხოლოდ და მხოლოდ უსამართლობად შეიძლება ჩავთვალოთ“, – ხაზგასმით აღნიშნა მინისტრმა.
მისივე განცხადებით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში უკვე იკვეთება მიდგომებისა და დამოკიდებულებების ცვლილება, რაც ქმნის ახალ შესაძლებლობებს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისთვის. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და აშშ-ის მხარეებს შორის, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტთან, მიმდინარეობს ინტენსიური კომუნიკაცია.
აღინიშნა, ბოლო პერიოდის კომუნიკაცია, მათ შორის აშშ-ის დელეგაციების ვიზიტები თბილისში, ასევე სატელეფონო საუბარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის.
„მოველით, რომ გარკვეული ნაბიჯები იქნება გადადგმული იმისათვის, რომ უფრო ინტენსიური გავხადოთ ჩვენი პოლიტიკური დიალოგი და უფრო მეტ თემაზე ვისაუბროთ ამერიკულ მხარესთან იმისათვის რომ ის ურთიერთობები, რა ურთიერთობებიც არსებობდა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ახალი ძალით, ახალი ენერგიითა და ახალი შესაძლებლობებით განვავითაროთ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრის შეფასებით, უახლოეს მომავალში, დაგეგმილია დამატებითი კომუნიკაცია და სამუშაო დონის შეხვედრები, რაც საშუალებას მისცემს მხარეებს უფრო დეტალურად განიხილონ ორმხრივი ურთიერთობებში არსებული მდგომარეობა და სამომავლო პერსპექტივები.
