ჩვენი ოპონენტების რიტორიკა არ შეცვლილა. მათთვის ნებისმიერი სახის ინვესტიცია ტრაგედიას წარმოადგენს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ. გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა საქართველოში ტრამპის ორგანიზაციის მასშტაბურ პროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.
„როდესაც შემოდის ემაარ ჯგუფი, შემოდის ტრამპის კომპანია, რასაკვირველია ეს არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხი. მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს როგორც სოციალური პაკეტის გაუმჯობესებაზე, ასევე სამუშაო ადგილების შექმნაზე. სწორედ ეს გარემოებები ისტერიკაში აგდებს ე.წ. ოპონენტებს. ამ წუთშიც სხედან და ფიქრობენ როგორი პროპაგანდისტული მავნებლობა დაუპირისპირონ ამას“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
„Trump organization“-მა ახალი პროექტის – Trump Tower Tbilisi შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ მსოფლიოს უდიდესი არქიტექტურული კომპანიის, Gensler-ის მიერ დაპროექტებული Trump Tower Tbilisi დაახლოებით 70-სართულიანი იქნება და საქართველოს ყველაზე მაღალი შენობა გახდება.
აღნიშნული პროექტის შესახებ 19 აპრილს გახდა ცნობილი – სტატია The Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა.
