ადამიანი როცა ვიცე-პრემიერის რანგში კოორდინაციას უწევს სამართალდამცავ ორგანოებს, ეს თუ დაქვეითებაა, არ ვიცი, ეს არის ოპოზიციის ზღაპრები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
შარმანაშვილის თქმით, ოპოზიცია ცდილობს, ხავსს მოეჭიდოს და თქვას, რომ მმართველ გუნდში ისეთი რაღაც ხდება, რაც მათ ჩამოშლის.
„კრიზისში ვინ არის, ამას მოსახლეობა ხედავს. ხელისუფლება მართვის ფორმების დახვეწას მუდმივად ცდილობს. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანია, მეტი კოორდინაცია მოვახდინოთ სახელმწიფო ორგანოებს შორის. იმის გამო, რომ სამართალდამცავი ორგანოების სამუშაო ფრონტი დიდია და ტემპებიც გაიზარდა ორგანიზებული დანაშაულის, უკანონო შემოსავლების წინააღმდეგ ბრძოლის, კონტრდაზვერვის თუ სხვა საკითხების მიმართულებით, ამას კოორდინაცია სჭირდება. შესაბამისად, ამ თანამდებობის შემოღება დროულად მოხდა. ამ პერიოდში მამუკა მდინარაძეზე უკეთეს კადრს ვერ შევარჩევდით, რადგან კარგი მენეჯერია და ეს მან ბევრჯერ დაადასტურა. დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო ორგანოების ამ ნაწილის კოორდინაციას უმაღლეს დონეზე შეძლებს. ადამიანი როცა ვიცე-პრემიერის რანგში კოორდინაციას უწევს სამართალდამცავ ორგანოებს, ეს თუ დაქვეითებაა, არ ვიცი, ეს არის ოპოზიციის ზღაპრები. თავად უსუსურები არიან და ცდილობენ, ხავსს მოეჭიდონ და თქვან, რომ მმართველ გუნდში ისეთი რაღაც ხდება, რაც მათ ჩამოშლისო. რამდენი წელია, ამას ნატრობენ და იმედები უცრუვდებათ“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
