„ოპოზიციის ალიანსი“ არის ისევ ისეთი, როგორიც იყო მანამდე, – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
გვარამიას თქმით, ალიანსი როცა კეთდებოდა, არავის ეგონა, რომ ცხოვრება მარტივი იქნებოდა.
ამასთან, ნიკა გვარამიას კითხვა დაუსვეს „ოპოზიციის ალიანსის“ განცხადებაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პასუხად გაკეთდა. როგორც გვარამიამ აღნიშნა, განცხადება გაკეთდა არა კრიტიკის, არამედ პერსონალური თავდასხმის გამო, იგულისხმება ნიკა მელიაზე თავდასხმა.
„ყველას შევახსენებ, როცა პარტიას ციხეში ჰყავს ლიდერი, ამ დროს ყოველთვის გაცილებით უფრო მაღალია მგრძნობელობა. ჩემზე რომ ეთქვა, მე საერთოდ არ ჩავთვლიდი საჭიროდ პასუხის გაცემას, მაგრამ ნიკა მელია იგივე შემთხვევაა, იგი ციხეშია, პოლიტპატიმარია და ციხიდან საკუთარი უფლებების დაცვას ვერ მოახერხებს. ჩვენ მორალური ვალდებულებაც გვაქვს, რომ ეს გავაკეთოთ. ჩვენ ეს ჩავთვალეთ პირად თავდასხმად ნიკა მელიაზე და, რომელიც, სხვათ აშორის, სააკაშვილმა თავისი პოსტიდან ამოიღო.
მე ყველას შევახსენებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი შემადგენლობით იმყოფება ალიანსის სხდომებზე და მას შეუძლია, თავისი ლიდერის პოზიციები მათ შორის იქ დაიცვას.
ფულს რაც შეეხება, ძალიან ბევრჯერ მაქვს პასუხი გაცემული. 10 მილიონი დოლარი, რა თქმა უნდა, აბსურდია. მიშამ თუ რამე იცის ამასთან დაკავშირებით, შეუძლია, ახსნას. ვინმეს თუ ჰგონია, რომ ნიკა გილაურთან თანამშრომლობამ გამოიწვია რაიმე ფორმით ჩვენი უარი ვინმესთან გაერთიანებაზე, ეს ასე არ ყოფილა, ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება“, – აღნიშნა გვარამიამ.
ამასთან, კითხვაზე, ხომ არ შეიძლება, 26 მაისამდე ალიანსი დაიშალოს, გვარამიამ უპასუხა: „ვიმედოვნებ, ასე არ მოხდება, პირიქით, გაფართოვდება“.
