მინდა, იმედი ვიქონიო, რომ ფასების კლება მოხდება როგორც საშუალოვადიან, ისე გრძელვადიან პერიოდში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
როგორც შარმანაშვილმა აღნიშნა, იმედი აქვს, გრძელვადიანი პერიოდისთვის შემუშავებული იქნება პოლიტიკა.
„ამას ორივეს ნება სჭირდება – ეს სახელმწიფოს ნება და თავად ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობაა. თუ საკანონმდებლო ნაბიჯებიც იქნება გადასადგმელი, პარლამენტი ამისთვის მზად იქნება. რაც შეეხება ბიზნესს, თავად აცხადებენ, რომ ეს პასუხისმგებლობა მათ გააჩნიათ. ამ ქვეყანაში, პატრიოტიზმზე, ჩვენი ხალხის სიყვარულსა და პატივისცემაზე მონოპოლია არავის გვაქვს. თუ პოლიტიკოსებს გვაქვს რაღაც ვალდებულება, სოციალური პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ყველას აქვს, განსაკუთრებით ბიზნესს. მათ აქვთ საუკეთესო საშუალება იმის, რომ სოციალური პასუხისმგებლობა და თავისი პატრიოტიზმი საჯაროდ გამოიტანონ და ეს ნაბიჯები გადადგან. თუ ადამიანთა ჯგუფი ან რომელიღაცა ბიზნესსტრუქტურა ახლა მაინც აპირებს სერიოზული ნაბიჯების გადადგმას, რა თქმა უნდა, არ უნდა ვეცეთ და დავუქნიოთ თითები, აქამდე სად იყავითო. ალბათ, ეს სხვადასხვა ფაქტორზე იყო დამოკიდებული, მათ შორის აქტიურობებზე. შეიძლება, ამ კვლევებმა მათაც დაანახა რეზერვი, რომელიც მათვე გააჩნიათ, თუ ორივე მხრიდან სწორი ნაბიჯები გადაიდგმება. მათ ამ ნაბიჯს მივესალმებოდი მიუხედავად იმისა, ამას გუშინ აკეთებდნენ თუ არა“,- განაცხადა შარმანაშვილმა.
