ციხეში მყოფმა სტამბოლის ყოფილმა მერმა, ეკრემ იმამოღლუმ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი გააფრთხილა, თურქეთი რუსეთს და ჩინეთს არ შეადაროს. ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.
„თურქეთის რუსეთთან და ჩინეთთან ერთ სიბრტყეში მოქცევა ეწინააღმდეგება ევროკავშირის გეოპოლიტიკურ რეალობასა და სტრატეგიულ ინტერესებს“, – აღნიშნა ეკრემ იმამოღლუმ.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, სტამბოლის ყოფილი მერი გამოეხმაურა ურსულა ფონ დერ ლაიენის ბოლოდროინდელ განცხადებას, რომლის თანახმადაც: „ჩვენ უნდა შევძლოთ ევროპის კონტინენტის ფორმირების დასრულება ისე, რომ ის რუსეთის, თურქეთის ან ჩინეთის გავლენის ქვეშ არ მოექცეს“.
იმამოღლუს თქმით, თურქეთის მთავრობა „არღვევს კანონის უზენაესობას და ფუნდამენტურ უფლებებს“ მის ქვეყანაში, თუმცა ეკრემ იმამოღლუმ ევროკავშირი დაადანაშაულა „თურქეთთან ურთიერთობაში პრინციპებსა და პირად ინტერესებს შორის მერყეობაში“, რადგან ვერ ახერხებს სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბებას.
ეკრემ იმამოღლუმ ასევე მოუწოდა ბლოკს, უფრო მეტად ჩაერთოს თურქეთის ისტორიასა და სოციალურ რეალობაში და „თურქეთის შიშის, კლიშეებისა და მოკლევადიანი პოლიტიკური გათვლების პრიზმით დანახვაზე გადავიდეს“.
ამასთან, ევროკავშირის საბჭოს ყოფილმა პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა გააკრიტიკა ევროკომისიის ხელმძღვანელის განცხადებები და დაიცვა თურქეთი, როგორც „ნატო-ს ძირითადი მოკავშირე“ და „მიგრაციის საკითხებში მთავარი პარტნიორი“.
თურქეთის საკითხებში ევროპარლამენტის მომხსენებელმა, ნაჩო სანჩეს ამორმა კომენტარებს „აბსოლუტურად შეუსაბამო“ უწოდა.
ეკრემ იმამოღლუ ცენტრისტული მემარცხენე რესპუბლიკური სახალხო პარტიის წევრია და სტამბოლის მერის არჩევნებში პირველად 2019 წელს იყარა კენჭი. მან ქვეყნის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ მხარდაჭერილ კონკურენტს აჯობა. იმამოღლუ ხელახლა აირჩიეს 2024 წელს. გასული წლის მარტში თურქეთის პოლიციამ ის კორუფციის ბრალდებით დააკავა. ამ ნაბიჯს თურქეთის ოპოზიციამ პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.
