ირანის სარდლობამ ამერიკული არმია მოქმედი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. თეირანის განცხადებით, აშშ-მა ჰორმუზის სრუტესთან ახლოს ხომალდებზე იერიში მიიტანა. ინფორმაციას ამის შესახებ ირანის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს.
შეიარაღებული ძალების სარდლობის განცხადებით, ამერიკულმა მხარემ სამიზნეში ამოიღო ირანული ნავთობტანკერი, რომელიც ქვეყნის სანაპიროს ტოვებდა, ასევე კიდევ ერთი ხომალდი.
ირანი აშშ-ს სამხრეთ ირანზე დარტყმების განხორციელებაშიც ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ვაშინგტონი „რეგიონის სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობით“ მოქმედებდა.
ირანული მხარის მტკიცებით, მათმა ძალებმა „დაუყოვნებლივი საპასუხო რეაგირება“ მოახდინეს.
„ირანულმა ძალებმა დაუყოვნებლივი საპასუხო იერიში მიიტანეს ამერიკულ სამხედრო ხომალდებზე და მათ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
მანამდე აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ დარტყმები თავდაცვის მიზნით განხორციელდა მას შემდეგ, რაც ირანმა ამერიკულ გამანადგურებლებზე „უმიზეზო თავდასხმა“ მოაწყო.
