აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ინფორმაციით, გასულ ღამეს ამერიკელმა სამხედროებმა ირანში მდებარე რამდენიმე სამიზნე გაანადგურეს.
როგორც ცენტრალური სარდლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ირანის სათვალთვალო საშუალებებზე, კავშირგაბმულობის სისტემებსა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებზე. დარტყმები ხორციელდებოდა მთელი ქვეყნის მასშტაბით.
„აშშ-ის საზღვაო ქვეითების კორპუსის, სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ძალების ქვედანაყოფებმა ირანში მდებარე სამიზნეები, რომლებიც ამერიკული ჯარისთვის და რეგიონული წყლების გავლით, ტრანზიტით მიმავალ საერთაშორისო სავაჭრო გემებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა, მაღალი სიზუსტის მქონე საბრძოლო მასალით დაბომბეს“, – აღნიშნულია ცენტრალური სარდლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დარტყმები ირანის გაუმართლებელ და განგრძობით აგრესიაზე პასუხს წარმოადგენს. აშშ-ის შეიარაღებული ძალები არის ფხიზლად, ბრძოლისუნარიანი და მზად მოქმედებებისთვის, დასძინეს სარდლობაში.
