„ჯარის ბანაკი“ ერთ-ერთი მართლაც ყველაზე წარმატებული პროექტია, რომელიც ჩვენ გვაქვს ახალგაზრდებთან მიმართებით, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა „ჯარის ბანაკის“ გახსნის საზეიმო ცერემონიაზე.
ირაკლი ჩიქოვანის თქმით, მათთვის ძალიან საამაყოა, რომ წლიდან წლამდე ინტერესი „ჯარის ბანაკის“ მიმართ იზრდება და განათლების სამინისტროსთან ერთად ამ პროექტს წარმატებით ახორციელებენ.
„ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, ბატონო გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, მოგესალმებით. პირველ რიგში, ხაზგასმით მინდა მადლობა გითხრათ მობრძანებისთვის, იმ ყურადღებისთვის, რომელსაც თქვენ იჩენთ, ზოგადად თავდაცვის ძალების მიმართ და იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც თქვენ აღუთქვამთ ჩვენს სამხედროებს. „ჯარის ბანაკი“ ერთ-ერთი მართლაც ყველაზე წარმატებული პროექტია, რომელიც ჩვენ გვაქვს ახალგაზრდებთან მიმართებით. ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ წლიდან წლამდე ინტერესი „ჯარის ბანაკის“ მიმართ იზრდება და განათლების სამინისტროსთან ერთად ჩვენ ამ პროექტს წარმატებით ვახორციელებთ.
მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ სერჟანტს, თითოეულ ოფიცერს, საჩხერის სამთო სკოლის წარმომადგენლებს, კოჯრის სერჟანტთა სკოლის წარმომადგენლებს, იმ ადამიანებს, ვინც უშუალოდ ზრუნავს ამ ახალგაზრდებზე. ნამდვილად, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა მათთვის, ეზიარონ იმ ყოველდღიურობას, რომელიც აქვს ჯარისკაცს, ჩვენს ოფიცრებს, რას ნიშნავს სამშობლოს სამსახური. ამასთან ერთად, მიიღონ კონკრეტული გამოცდილება, განათლება კონკრეტული მიმართულებებით და რა თქმა უნდა, ასევე ისაუბრონ ისეთ უმნიშვნელოვანეს ღირებულებებზე, როგორიც არის ჩვენი სამშობლო, პატრიოტიზმი, ეროვნული ღირებულებები, ოჯახის სიწმინდე და რა თქმა უნდა, ჩვენი იდენტობა.
მადლობა მინდა გადავუხადო საპატრიარქოს, ვინაიდან მათი წვლილი და თანამონაწილეობა ამ ყველაფერში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვაფასებთ ამას. საპატრიარქო უშუალოდ არის ჩართული ამ დღეებში, საგანმანათლებლო პროცესში და ესეც ძალიან მისასალმებელია. აქვე ვიტყვი იმას, რომ ის ინფორმაცია, რაც გვაქვს იმ ახალგაზრდების მხრიდან, რომლებმაც უკვე გაიარეს „ჯარის ბანაკი“, მართლაც წარუშლელი შთაბეჭდილებები მიიღეს და ამავდროულად, მიიღეს ძალიან დიდი გამოცდილება, ვინაიდან ასეთ გამოცდილებას ეს ახალგაზრდები ვერსად მიიღებენ. თითოეულ თქვენგანს მინდა მოგიწოდოთ მაქსიმალურად მოინდომოთ. ის ინფორმაცია, რასაც მიიღებთ, მაქსიმალურად გაითვალისწინოთ და რა თქმა უნდა, თუ გექნებათ კითხვები, თუ გექნებათ უფრო მეტი ინფორმაციის მიღების სურვილი, ჩვენ მზად ვართ. თითოეული სამხედრო, თითოეული ოფიცერი ამისთვის მზად არის.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ მოვახდინოთ ჩვენი ჯარის პოპულარიზაციაც ამავდროულად და დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ის ახალგაზრდები, რომლებიც აქ არიან შეკრებილები, როგორც იქნებიან წარმატებულები ბევრ სხვა პროფესიაში, ზოგიერთი მათგანი მოიფიქრებს და შემოუერთდება თავდაცვის ძალებს, დაინახავს რა რა არის სერჟანტის ცხოვრება ოფიცრის ცხოვრება და იქნება ჩვენი თავდაცვის ძალების ნაწილი. დღესდღეობით მართლაც რომ თავდაცვის ძალებს აქვს უაღრესად დიდი მხარდაჭერა და შესაძლებლობა, რომ ყოველმხრივ განვითარდეს თითოეული ჯარისკაცი, თითოეული ოფიცერი. მადლობა ამ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენ ვიღებთ როგორც პრემიერ-მინისტრის მხრიდან, საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან და ასევე თქვენგან, ბატონო პრეზიდენტო. თითოეულ თქვენგანს ახალგაზრდებო, წარმატებები მინდა გისურვოთ ამ ერთი კვირის განმავლობაში. ეს არის ძალიან საინტერესო, ლამაზი ერთი კვირა. დარწმუნებული ვარ, აქედან რომ წახვალთ ამ ამბავს მოუყვებით თქვენს მეგობრებს და თქვენი მეგობრებიც მომავალში შეძლებენ ჯარის ბანაკში მონაწილეობის მიღებას“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
