მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული ჯარიმები მცირდება – შესაბამის ცვლილებებს, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და მიმდინარე სასესიო კვირაში დაამტკიცებს.
ცვლილებებით, მოძრაობის დადგენილი დაბალი და საშუალო სიჩქარის გადაჭარბებაზე ფულადი ჯარიმები განახევრდება ან მნიშვნელოვნად იკლებს, თუმცა, უცვლელი რჩება მკაცრი სანქციები 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის. ცვლილება ეხება ქულების სისტემასაც.
როგორც მმართველ გუნდში განმარტავენ, ცვლილებების მიზანია, დადგენილი სანქციების ეფექტიანობა. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ჯარიმების კუთხით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კონსულტაციები გრძელდება და საშემოდგომო სესიის დროს, შესაძლოა, სიახლეებიც.
„მიუხედავად გაზრდილი ჯარიმებისა, გარკვეულწილად ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა არ მცირდება. ამ შემთხვევაში ბუნებრივია, სახელმწიფო პოზიტიურად ერევა ასეთ მოცემულობაში და ადგენს ისეთ საკანონმდებლო განაწესებს, რომელიც მეტად წაადგება ჩვენს საზოგადოებას და არ დაკარგავს პრევენციულ მნიშვნელობას“, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.
