ევროსაბჭოსგან მხოლოდ დასაბუთებულ პრეტენზიებს მივიღებთ, მათთვის მთავარია, ტყუილებზე ყალბი რეზოლუციების დაშენება, ასეთ ადამიანებთან საუბარი რთულია და აღარ ვთანამშრომლობთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
შარმანაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა.
„პოლიტპატიმრებზე როდესაც საუბრობენ, სააკაშვილსა და სხვებზე, სააკაშვილმა რამდენიმე კომპონენტი სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრა და ყველა წააგო. ევროპარლამენტარები რას ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ტყუილზე იყო დაფუძნებული? – პირიქით, თავის დასკვნებს ტყუილზე თავად აფუძნებენ. დიდი ხანია, მათ რეზოლუციებს ყურადღებას არ ვაქცევთ. მათთვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებიც როცა მეორეხარისხოვანია და მთავარია, ტყუილებზე ყალბი რეზოლუციების დაშენება, ასეთ ადამიანებთან საუბარი რთულია და ევროსაბჭოსთან აღარ ვთანამშრომლობთ. არავითარ მოთხოვნებს არ მივიღებთ, მხოლოდ დასაბუთებულ პრეტენზიებს მივიღებთ. როცა ვეუბნებით, რომ მზად ვართ, ყველა საკითხი ფაქტებით გავიაროთ და არა, აღქმებით, ისინი თავს არიდებენ და უნდათ, რომ ბრიუსელიდან, სტრასბურგიდან მხოლოდ დირექტივები გამოაგზავნონ და ჩვენ სიტყვის შეუბრუნებლად შევასრულოთ. ასეთი რამ საქართველოში აღარ მოხდება. საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და შეუძლიათ, ღირსეულად ელაპარაკონ“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
