ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს ჰგონიათ, რომ ერთადერთი, რაც საზოგადოებას აინტერესებს, არის გიორგი გახარია და მისი ბედი. თავადაც კარგად ხვდებიან ალბათ, რამდენად აცდენილი არიან საზოგადოების საკითხებს, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტში დღეს მომხდარ ფიზიკური დაპირისპირებას.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საზოგადოება ამ ყველაფერს ხედავს, აფასებს და საბოლოო განაჩენი გამოაქვს არჩევნების თუ ზოგადად რეაქციის გზით.
„სამწუხაროა, რომ ფრაქცია „საქართველოსთვის“ ვერ გასცდა ერთ გვარს. არანაირი საკითხი არ აინტერესებდათ, ყველა კითხვა და საკითხი მიემართებოდა ერთ სახელს და გვარს, გიორგი გახარიას. ბოლოს გიორგი შარაშიძე მისი პორტრეტითაც გამოვიდა, ფურცელი, რომელიც ააფრიალა – გიორგი გახარიას ფოტო. გქონდეს შესაძლებლობა, იყო პარლამენტის წევრი, მონაწილეობა მიიღო პრემიერ-მინისტრის მოხსენების განხილვაში, შენ ამომრჩევლებს ესაუბრო და ჰგონიათ, რომ ერთადერთი, რაც საზოგადოებას აინტერესებს, არის გიორგი გახარიას ბედი. ეს არის, როდესაც დავალება აქვთ მიღებული. სადამდეც მიიყვანეს დღევანდელი სხდომა, თავადაც ნახეს, უმსგავსო საქციელია, რაც ვიხილეთ ფრაქციის ერთ-ერთი წევრის მხრიდან“, – განაცხადა პაპუაშვილმა
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ფიზიკური დაპირისპირება იმ დროს დაიწყო, როდესაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი გიორგი შარაშიძე სიტყვით გამოდიოდა.
შარაშიძემ პრემიერ-მინისტრის მისამართით განაცხადა, რომ „ქართული ოცნებაც“ კი არ იმსახურებს დღევანდელ პრემიერ-მინისტრს და დარწმუნებულია, რომ მის ამ მოსაზრებას თავად „ქართული ოცნების“ წევრებიც ეთანხმებიან“.
შარაშიძის სიტყვით გამოსვლისას, სხდომათა დარბაზში ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ხელაძესა და „გახარია საქართველოსთვის“ წევრ გიგა ფარულავას შორის, რაც სხვა დეპუტატებს შორის ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.
