როდესაც ვუყურებ კითხვარებს დასავლეთის სკოლებში, სადაც სქესის 37 სახეობაა, ეს შოკში მაგდებს. ბავშვებს უყვებიან, რა კარგია მოზარდობის ასაკში სქესის შეცვლა, მაგრამ ავიწყდებათ უთხრან, რამდენ ხანს ცოცხლობენ მერე ეს ადამიანები. ბავშვებს არ შეუძლიათ კრიტიკულად შეაფასონ ის, რასაც თავს ახვევენ და ამით სარგებლობაა დანაშაულია, – განაცხადა “იმედის კვირასთან” ინტერვიუში უკრაინელმა ჟურნალისტმა იანინა სოკოლოვსკამ.
მისივე თქმით, ბევრი ევროპული ქვეყნის ხელმძღვანელი წინდაუხედავად მოქმედებს.
“ბევრი ევროპული ქვეყნის ხელმძღვანელს არ ჰყავს შვილი, რაც სამყაროს სრულიად განსხვავებულ აღქმას უყალიბებს. მშობლებმა ბედნიერი სამყარო უნდა დაუტოვონ შვილებს, მათთვის კი ეს სულერთია. მათ ყველაფერი ახლა და დაუყოვნებლივ უნდათ, არ ანაღვლებთ შედეგები. ამიტომ მოქმედებენ წინდაუხედავად, მათ შორის იმ ომებშიც, რომლებშიც ითრევენ მსოფლიოს და ვერაფრით ასრულებენ”, – აღნიშნა უკრაინელმა ჟურნალისტმა.
მისივე თქმით, როცა უკრაინაში მშვიდობიანი ხალხი იღუპება, ამ დროს ევროპელი ელჩები ლგბტ დროშებით არ უნდა დარბოდნენ.
“მოხარული ვიქნებოდი, დამენახა ეს ელჩები დანგრეულ უკრაინულ ქალაქებში, ფრონტის ხაზიდან თუნდაც, შორს. ისინი იქ უნდა იყვნენ, სადაც უკრაინელები იტანჯებიან და არა მარშებზე ლგბტ დროშებით. თუ უკრაინა ამ ომს ვერ გაუძლებს, ეს მდიდარი ევროპის პრობლემა გახდება. პოლონეთში ათიოდე დრონის გამოჩენა მათთვის კატასტროფა ხდება, უკრაინაში კი ეს დრონები ასობით შემოდის, მშვიდობიანი ხალხი იღუპება – ამ დროს ევროპელი ელჩები ლგბტ დროშებით არ უნდა დარბოდნენ.
თუ ჩვენ ტოლერანტულები ვიქნებით ლგბტ-სა და მსგავსი ევროპული დირექტივების მიმართ და არა მრავალშვილიანობისკენ, უკრაინა დემოგრაფიულად გაქრება. ომის შეჩერება ჩვენს ძალებს აღემატება, მაგრამ უკრაინის ძალებშია, იბრძოლოს ტრადიციული ოჯახური ღირებულებებისთვის. არავის აქვს უფლება, ევროკავშირში გაწევრიანების პირობად ლგბტ-თემის უფლებები თავს მოგვახვიოს”, – მიიჩნევს ჟურნალისტი.
უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არსებულ ვითარებას უმნიშვნელოვანესს უწოდებს.
“ის, რომ საქართველო მყარად დგას თავის ფესვებსა და ღირებულებებზე, რასაც ჯერ კიდევ პატრიარქმა ილიამ ჩაუყარა საფუძველი, უმნიშვნელოვანესია. ყველაფერი ძალიან სწორად გაკეთდა ერის დემოგრაფიისთვის. აქ უკან დახევა არ შეიძლება და ვფიქრობ, თქვენ ჩემი რჩევების გარეშეც არ დაიხევთ უკან”, – განაცხადა იანინა სოკოლოვსკამ.
