რუსეთის პრეზიდენტი აღიარებს, რომ საწვავის მიწოდების შეფერხების გამო რამდენიმე რეგიონში დეფიციტი შეიქმნა. საგანგებო თათბირზე პუტინმა განაცხადა, რომ მთავრობა საწვავის საკმარისი მარაგების უზრუნველსაყოფად მუშაობს. ასევე განიხილება დიზელის ექსპორტის დროებითი შეზღუდვა.
„პრობლემები კვლავაც რჩება როგორც მძღოლებისთვის, ისე ბიზნესისთვის. სამწუხაროდ, ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ისევ არის და ყოველთვის ვერ ხერხდება საჭირო მარკის საწვავის შეძენა. რა თქმა უნდა, გვესმის ის სირთულეები, რომლებსაც ამ პერიოდში სოფლის მეურნეობის მწარმოებლები და ფერმერული მეურნეობები აწყდებიან. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობის სექტორი სეზონური გეგმის შესაბამისად საწვავით სრულად იყოს უზრუნველყოფილი. მოსავლის ბედი ამაზეა დამოკიდებული”, – განაცხადა პუტინმა.
ცნობისთვის, ბოლო დღეებში უკრაინამ მნიშვნელოვნად გააძლიერა დარტყმები რუსეთისა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე სამრეწველო ობიექტებზე, განსაკუთრებით კი ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე.
