ავიაკომპანიამ Flyone მოლდოვის დედაქალაქიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო. ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა კიშინეუდან პირველი რეისი უკვე მიიღო.
„ბათუმის აეროპორტში კიშინეუდან პირველ მგზავრებს სიმბოლური ღონისძიებით დახვდნენ. Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდით, მოლდოვის დედაქალაქიდან ბათუმში ავიაკომპანიამ პირველი რეისით 182 მგზავრი ჩამოიყვანა, ბათუმი-კიშინეუს რეისზე კი 161 მგზავრი იყო, რაც აღნიშნულ მიმართულებაზე მაღალი მოთხოვნის არსებობაზე მიუთითებს.
ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, ავიაკომპანია Flyone კიშინაუ-ბათუმი-კიშინეუს საჰაერო ხაზზე რეისებს კვირაში სამჯერ შეასრულებს. ამ ეტაპზე ფრენები ორშაბათსა და ხუთშაბათს სრულდება, 14 ივლისიდან კი ემატება ოთხშაბათიც.
Flyone მოლდოვური ავიაკომპანიაა, რომლის მთავარი ბაზაც კიშინეუს საერთაშორისო აეროპორტში მდებარეობს. კომპანია ახორციელებს რეგულარულ და ჩარტერულ რეისებს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში აღნიშნული ავიაკომპანიის შვილობილი ბრენდი Flyone Armenia-ც ოპერირებს და სომხეთის დედაქალაქიდან კვირაში სამჯერ ასრულებს ფრენებს. Flyone-ის ფლოტი (სომხურ შვილობილ კომპანიასთან ერთად) ჯამში 10-ზე მეტ საჰაერო ხომალდს მოიცავს და ძირითადად Airbus A320 და A321 ტიპის თვითმფრინავებისგან შედგება“, – აღნიშნულია „ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციაში.
