2016 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 300 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, 2016 წლის პირველი კვარტალში ქვეყანაში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 103%-ითაა გაზრდილი.
როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ციფრები აჩვენებს, რომ ბიზნესი არის კეთილგანწყობილი, ბიზნესის აღქმა ძალიან სწორი და დადებითია.
„წინა წელთან შედარებით, პირველი კვარტლის მონაცემებით, ინვესტიციები 103%-ით არის გაზრდილი. პირველ კვარტალში ქვეყანაში 300 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა, ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია. მიუხედავად იმისა, რომ, ჩვენ პრაქტიკულად ვიმყოფებით საარჩევნო პერიოდში, ციფრები აჩვენებს, რომ ბიზნესი არის კეთილგანწყობილი, ბიზნესის აღქმა არის ძალიან სწორი და დადებითი. იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, შესაბამისად, წლევანდელ წელს ჩვენ გვექნება ძალიან კარგი მონაცემები. ამ ყველაფრის დამადასტურებელი, რა თქმა უნდა, პირველი კვარტლის ინვესტიციებია, რომელიც 2008 წლის მერე ყველაზე დიდი რიცხვია”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
2016 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 103 პროცენტით მეტია 2015 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე. 2016 წლის აღნიშნული მაჩვენებელი 21.6 პროცენტით აღემატება 2014 წლის 1 კვარტლის დაზუსტებულ მონაცემს, რაც უკანასკნელი წლის უმსხვილესი მაჩვენებელია.
სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2016 წლის I კვარტალში 79 პროცენტი შეადგინა.
საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი
1.ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის სექტორზე მოდის და 200 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 53 პროცენტი), რაც 2015 წლის 1 კვარტალთან შედარებით 36.9%-იანი მატებაა.
2. საფინანსო სექტორი: 58 მლნ აშშ დოლარი (2015 წელს პირველ კვარტალში იყო მინუს 4 მლნ აშშ დოლარი).
3. ენერგეტიკის სექტორი, სადაც 2016 წლის პირველ კვარტალში 40 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც 90%-ით პროცენტით აღემატება 2015 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია – 137 მლნ აშშ დოლარი აზერბაიჯანიდან განხორციელდა (მთლიანი ინვესტიციების 36%), მეორე ადგილზეა თურქეთი – 57 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ინვესტიციების 15%), ხოლო მესამე ადგილს გაერთიანებული სამეფო იკავებს – 44 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ინვესტიციების 12%).