ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდას მიმდებარედ, ტყის მასივში ხანძარი ლოკალიზებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდნენ ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებს, მათ შორის, ალტერნატიული ცეცხლმაქრი საშუალებების გამოყენებით. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო ვერტმფრენი. ამ დროისათვის, ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
„ათეულობით მეხანძრე-მაშველი ახორციელებს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანასთან და თუშეთში, სოფელ ხახაბოსთან მდებარე ტყის მასივებში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს. რთული რელიეფის გამო, ორივე ლოკაციაზე, ხანძრის ეფექტური ლოკალიზების მიზნით, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია ავიაცია – საქართველოს 2 და ირანის კუთვნილი 2 ვერტმფრენი“,- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
თუშეთში, სოფელ ხახაბოსთან, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდას მიმდებარედ ხანძარი გუშინ გაჩნდა.