ლაგოდეხში სტიქიის შედეგად რამდენიმე სოფლის მოსახლეობა დაზარალდა. განსაკუთრებული მდგომარეობა სოფელ ჭაბუკიანსა და ონანაურშია. ძლიერმა ქარმა და სეტყვამ ვენახების და საზამთროს ბაღების 200 ჰექტარი გაანადგურა. უკვე შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც მოსახლეობისთვის მიყენებულ ზიანს დაითვლის.
ადგილობრივების ინფორმაციით, სტიქია დაახლოებით 20 წუთი გაგრძელდა. დაზარალებულები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის გია გაფრინდაშვილის ინფორმაციით, დაზარალებულებმა სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაცია სადაზღვევო კომპანიას უკვე მიაწოდეს. მისივე თქმით, კანონის შესაბამისად, ლაგოდეხში, დაზარალებულებთან სადაზღვევო კომპანიის სპეციალური კომისია 5 დღის განმავლობაში უნდა ჩავიდეს, რის შედეგადაც მიყენებულ ზარალს შეაფასებენ და მოხდება მატერიალური ზარალის ანაზღაურება.